ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, დოგმებითა და ბორკილებით, მწამს, საქართველოს ვერავინ და ვერასდროს დააბრუნებს წარსულში” – პრეზიდენტი

დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, დოგმებითა და ბორკილებით, მწამს, საქართველოს ვერავინ და ვერასდროს დააბრუნებს წარსულში – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

“ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვუღალატებთ იმ ადამიანებს, იმ გმირებსა თუ უცნობ ჯარისკაცებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს და მის დამოუკიდებლობას. ჩვენი მუდმივი პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ მოპოვებულ და გადმოცემულ საგანძურს, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს გავუფრთხილდეთ და არავის დავუთმოთ. მივმართავ სრულიად საქართველოს, მოგმართავთ თქვენ და ვიცი რამდენად გტკივათ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა. ვიცი დღეს რა განცდებითაც მისმენთ, მაშინ როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ გესახებათ. ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია, შენარჩუნებულია და დღეს ჩვენვე უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. არაა შემთხვევითი, რომ საქართველოსათვის გადამწყვეტ დროს ქვეყნის პრეზიდენტი იმ ემიგრაციის შვილია, რომელიც იბრძოდა და ამზადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, იმ დამოუკიდებლობას, რომელიც 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. შეიძლება ისიც არ იყოს შემთხვევითი, რომ დღეს ქვეყნის პრეზიდენტი ის ადამიანია, რომელმაც მშვიდობიანად გაიყვანა შემოსული რუსის ჯარები. ჩემი წინაპრებისადა ქვეყნის წინაშე ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ, ყველაფერი გავაკეთო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისთვის. საქართველოში ჩამოსვლამდე ეს პირობა მივეცი ჩემს თავს და ჩამოსვლის პირველივე დღიდან, სწორედ ეს მიზანი მამოძრავებს. ეს პირობა მოგეცით თქვენ, როდესაც კონსტიტუციაზე დავდე ფიცი. მინდა, იცოდეთ, რომ არც ჩემს თავს, არც ჩემს ფიცს და არც ჩემს ხალხს არ ვუღალატებ. თქვენი ხმა მესმის და ვიცი, რა განცდებითადა რა ემოციებით ხართ. ვიცი, რომ თქვენს გულში შემოპარულია რაღაც გაურკვევლობა, დაბნეულობა, გაურკვევლობა და შიშიც კი. ვიცი, რამდენადაუტანელია ის ფიქრი, რომ რისთვისაც აქამდე, ყველა ერთად ვიბრძოდით, დღეს ვითომცდა ხელიდან გვეცლება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს. არ დავუშვებთ. ჩვენ აქ ვართ ადამიანები, ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებულები, ვისაც გვახსოვს საქართველო დამოუკიდებლობამდე და ვისაც სწამდა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის წმინდა მიზანსმივაღწევდით და აქ ხართ ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში დაიბადეთ და ვერც წარმოგიდგენიათ სხვანაირი საქართველო. ვერ წარმოგიდგენიათ სწორედ იმიტომ, რომ ხართ თავისუფალნი, დამოუკიდებელნი და ვერასდროს შეეგუებით მონობას“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....