ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია

პარლამენტმა 85 ხმით 16-ის წინააღმდეგ, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადით, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია.

კალანდარიშვილთან ერთად, ამავე ვადით ცესკოს სამი წევრი – მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი დაამტკიცეს.

კენჭისყრის პროცედურის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ წარდგენილ კანდიდატურებს “ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრების გარდა, პოლიტიკური ჯგუფების – “გირჩი“ და “ევროპელი სოციალისტები“ მხარდაჭერაც აქვს, თუმცა იმის გამო, რომ გასულ სასესიო კვირას რამდენიმე დეპუტატი მივლინებაში იყო, მათი 3/5-იანი კვორუმთ არჩევა ვერ მოხერხდა.

მმართველი გუნდის ინიციატივით, “საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრობის კანდიდატები პარლამენტში შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია, ხოლო კანდიდატურები პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინა, ნაცვლად პრეზიდენტისა, როგორც ეს საკანონმდებლო ცვლილებებამდე ხდებოდა.

2021 წლის აგვისტოსა და 2022 წლის თებერვალში გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ექვს-ექვს თვიანი ვადით აირჩიეს, რადგან თანამდებობის 5-წლიანი ვადით დასაკავებლად მას პარლამენტის ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობა მხარს არ უჭერდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა მესამედ ასარჩევად აღარ წარუდგინა. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა და ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი შეცვალა.

იტვირთბა....