მთავარი

სამტრედიაში მოკლული კაცის მეუღლეს პატიმრობა შეეფარდა

სამტრედიაში მოკლული კაცის მეუღლეს პატიმრობა შეეფარდა.­

მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ნატო ხელაძეს ცრუ ჩვენების ბრალდებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორი არგუმენტად მოწმეებზე გავლების მოხდენის და მიმალვის საფრთხეს ასახელებდა. დაცვის მხარე კი მის აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვებას ითხოვდა. სხდომას დისტანციურად დაესწრო ბრალდებული.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ბრალდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის მოკლული მამაკაცის მეუღლეს წარედგინა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული სამმა პირმა, კერძოდ მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს. აღნიშნულის შესახებ ნაცემი მამაკაცი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებას აპირებდა, რის გამოც მეუღლის ძმამ მას მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა კიდევ ორმა პირმა, მათ შორის მოკლულის მეუღლემ მომხდარის თაობაზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიწოდეს. გარდაცვლილის მეუღლემ პირველ ჩვენებაში მის მიერ არჩადენილი დანაშაული – მეუღლის მკვლელობა დაიბრალა და თავად აღიარა.

სამართალდამცავებმა, მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, ოთხი პირი 5 აპრილს დააკავეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით) და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ პირს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ჯგუფურად) და 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე), ხოლო კიდევ ერთ პირს – ასევე 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....