ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილია, იმ ქართველების ვინაობა, რომლებიც რუსეთში, სამთავრობო ფესტივალზე გაემგზავრნენ

1-ელიდან 7 მარტამდე რუსეთში, სოჭში “მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალი” იმართება. ღონისძიება, რომელიც ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შექმნილ დასახლება სირიუსში ტარდება, მონაწილეობას საქართველოდან წასული დელეგაციაც იღებს.
რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტი- Эхо Кавказа იმ ადამიანების ვინაობას ამხელს, რომლებიც რუსეთის მთავრობის ორგანიზებით ჩატარებულ ფესტივალს დაესწრნენ.
ღია წყაროების მიხედვით, დელეგაციაში, რომელსაც პრიმაკოვის ცენტრის დირექტორი, დმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს, შედიან: ანა ხოტივრიშვილი – ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე; იულია კლიუჩნიკოვა – რუსულენოვანი გიდი თბილისიდან; ინესა როდინა – საქართველოს სამგზის ჩემპიონი სპორტულ აკრობატიკაში მარნეულიდან და “საქართველოს რუსი ახალგაზრდების ლიდერი”, როგორც ეს ლორთქიფანიძემ თქვა; კარინე არაკელიანი – პედაგოგი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ფარავანიდან, ტატიანა ბალაბანოვა – მცხოვრები სოფელი გორელოვკიდან, რომელიც ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს; და რუსეთში ქართული თემის წარმომადგენლები. ამას გარდა, ლორთქიფანიძე თებერვალში ამბობდა, რომ დელეგაციაში იქნებოდა არჩილ სიხარულიძე, რომელიც არის ავტორის წიგნის “რუსეთის ფედერაციის შიდა და საგარეო პოლიტიკა”, რომელსაც, მისივე თქმით, “საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში იყენებენ”.

ასევე, სოჭში ჩავიდა ლალი მოროშკინა, რომელიც პერიოდულად ესაუბრება რუსულ ტელეარხებს. ის პუტინის მხარდაჭერით ჩატარებულ ფესტივალს საკუთარ Facebook-გვერდზე აქტიურად აშუქებს, ისაუბრა რუსულ ტელევიზიასთანაც.

ფესტივალს ესწრებოდნენ დელეგაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც და გამოფენილი ჰქონდათ საკუთარი დროშებიც.
ცნობისთვის, ფესტივალზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ,,დამოუკიდებელ” ქვეყნებად იყო მოხსენიებული.

იტვირთბა....