ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო- ინსტრუქცია

2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. წელს, “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის ცვლილების შემდეგ, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

განათლების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და ეტაპები ასე განსაზღვრა:
I ეტაპი – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები
სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები:

“მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდი ბავშვს შეაფასებს და დაადგენს მის საგანმანათლებლო საჭიროებას.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლეს შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე ჩარიცხავს”.

პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2024 წლის 21 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.

უწყება ამბობს, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.

II ეტაპი – 1 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით
ამ პერიოდში სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა

ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ საჯარო სკოლაში;

ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;

გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის საჯარო სკოლის პირველ კლასში.

სამინისტროს ცნობით, მეორე ეტაპზე რეგისტრაცია შესაძლებელია საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

III ეტაპი – 20 მაისიდან 13 ივნისის ჩათვლით
ამ პერიოდში რეგისტრაცია შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge.

სამინისტრო აცხადებს, რომ ბავშვი უნდა დაარეგისტრიროს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა მხოლოდ 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით არის შესაძლებელი.

IV ეტაპი – 27 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით
ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მეოთხე ეტაპზე მოსწავლეს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე სკოლა დაარეგისტრირებს.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტებია:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს;
კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე;
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

იტვირთბა....