გუშინწინ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ხუთსულიანი ოჯახი გამოასახლეს.
როგორც გაირკვა, ხატიაშვილების ბინის ახალი მფლობელი დარეჯან დვალია.
გამოსახლებას საზოგადოებაში დიდი ხმაური მოჰყვა. საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა 20-მდე ადამიანი დააკავეს.
ამან ვითარება შეცვალა.
დარეჯან დვალის ადვოკატის, გიორგი სუხიტაშვილის თქმით, „მხარეებმა წერილობითი შეთანხმება რამდენიმე საათის წინ გააფორმეს და მასში აღსრულების ეროვნული ბიუროც იყო ჩართული“
„ჩვენს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, ე.წ. მორიგება”, – ამბობს სუხიტაშვილი „ტვ იმედის“ ეთერში.
შეთანხმების პირობები ასეთია:
„თუკი [მარინა ხატიაშვილი] ერთი თვის ვადაში გადაიხდის 90 000 აშშ დოლარს, დარეჯან დვალი დაუბრუნებს მას კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონებას იმ პირობით, თუკი ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები შეწყვეტენ მოქმედებებს – ისინი მასმედიაში, სოციალურ ქსელებში, პირად მიმოწერაში შანტაჟით, მუქარით, ცილისწამებით, აბსოლუტურად გაუმართლებელი მეთოდებით ცდილობენ ზეწოლას დვალზე;
მეორე პირობაა, რომ მარინა ხატიაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა მისცენ უფლება დარეჯან დვალს, რომ ისარგებლოს უძრავი ქონებით“.
შეთანხმებაზე ხელმოწერას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი.
„პირობები იყო, რომ ერთი თვის განმავლობაში ის [დარეჯან დვალი] ქონებას არ გადაყიდის, იქნება დალუქული. როგორც კი ფულს გადავუხდი, გადმოფორმდება, ოღონდ მე აღარ უნდა “დავაბულინგო:. ჯერ ერთი, როდის ვაბულინგებდი? თავს ვიცავდი… მუქარაზე ვუთხარი, არასოდეს არავინ დაგმუქრებიათ-მეთქი. არ ვიცი, მუქარაში რას გულისხმობენ…“, – თქვა მან.