ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„აშშ-დან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი გამოსახლება დაიწყება“ – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ქართველი მიგრანტების დეპორტაციის საკითხზე, სპეციალურად გამართული ბრიფინგის შესახებ ისაუბრა.

„ოლიგარქიულმა რეჟიმმა არ გვაცალა ევროკანდიდატობით ტკბობა და დაუყოვნებლივ შეუდგა დოკუმენტაციის გაფორმებას გერმანიიდან თავის გადასარჩენად გაქცეული საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციისათვის. უფრო მეტიც, 16 დეკემბერს, ვაშინგტონში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა გააფორმეს ხელშეკრულება მოქალაქეთა დეპორტაცია- ექსტრადაციაზე, რის შედეგადაც შეერთებული შტატებიდან ასევე დაიწყება ხალხის მასობრივად გამოსახლება, ვინც იქ თავის გადასარჩენად წავიდა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილი მოუწოდებს ევროკავშირის და ამერიკის უმაღლეს წარმომადგენლებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკან წაიღონ, საქართველოს მოქალაქეებს არსებობის საშუალება მისცენ და დეპორტაციისთვის არ გაწირონ.

„მე მივმართავ ევროკავშირის და მეგობარი აშშ-ის ხელისუფლებას, ევროკანდიდატის სტატუსის მიცემა საქართველოზე გამოიწვია გეოპოლიტიკურმა აუცილებლობამ, რათა რუსეთს კავკასიაში თავი არ ეგრძნო გამარჯვებულად, დანარჩენი – პოლიტიკური დიქტატურა, პროპუტინისტური რეჟიმი, სოციალური რეჟიმი, უმუშევრობა, შიმშილი და სიღატაკე, ისევ ისეა საქართველოში დარჩენილი, როგორც ეს იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო ზონად ჩათვლა და მოქალაქეების გამოძევება ნიშნავს მათ გაწირვას შიმშილისა და დიქტატურისათვის, ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ მეგობარი სივრცეების ხელმძღვანელებს, რომ ეს გადაწყვეტილება უკან წაიღონ და მისცენ ჩვენს მოქალაქეებს არსებობის საშუალება, ვიდრე ისინი თავად დაბრუნდებიან საქართველოში ყოველგვარი დეპორტაციის გარეშე. ასევე ჩვენ მივმართავთ გერმანიში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც შესაძლოა დეპორტაცია დაემუქროთ, მოგვმართონ და ჩვენ პერსონალურადაც გავუწევთ მათ კონსულტაციას შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ ეს პროცედურები არ განხორციელდეს”, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....