„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, „პალიტრის“ ეთერში „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ, კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავად ორგანიზებული ღონისძიების შესახებ ისაუბრა.
„გულდასაწყვეტი იყო სალომე ზურაბიშვილისადმი დამოკიდებულება. ისე იბრალებდნენ მდინარაძე და კობახიძე, გეგონება შოლცს და მაკრონს ეგენი ხვდებოდნენ. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, მე რომ ვყოფილიყავი პრემიერ-მინისტრი, აბსოლუტურად ყველას დავუძახებდი სცენაზე. ლევან ხაბეიშვილსაც დავუძახებდი, იაგო ხვიჩიასაც დავუძახებდი და ნებისმიერს. რაც სჭირს „ქართულ ოცნებას“, ამას „ძიშოვობა“ ჰქვია, ეს არის პოლიტიკური იაფფასიანობა.
მართლაც, ძლივს, ჩვენი წინაპრების ძვლები ხარობენ, ისეთი ამბავია. ყველაზე დიდი ამბავი რა მომხდარა საქართველოსთვის? დიდგორი. ვინ იყვნენ იქ, ჩვენს მხარდამხარ? ასი ფრანგი ჯვაროსანი. ჩვენც იმ გამარჯვებას მივაღწიეთ იმიტომ, რომ ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი და ამის შემდეგ ხარკი შეუწყვიტა დავითმა თურქებს. ამაოდ არ დაღვრილა ჩვენი წინაპრების სისხლი და ამათმა მაინც ვიწრო, იაფფასიანი და „ძიშოვი“ პარტიული ღონისძიება მოაწყვეს. დაუძახე ყველას, ჩამოართვი ხელი. გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ არ „მევასება“ და გულზე არ მეხატება ეს სააკაშვილი, მაგრამ სააკაშვილსაც ვულოცავ, მაგრამ ეგეთები არიან და მოკალი თუ გინდა. სცენაზე რომ თვითონ იდგნენ ამიტომ მარტო, თვითონ მიიღეს სტატუსი? რახან სცენაზე დადგნენ, შარლ მიშელმა თქვა „უი, ამათი დამსახურებააო?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.