„ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ეძგვერაძის თქმით, 2 თვის წინ მასზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, მისი დედა გამოკითხვაზე დაიბარეს.
ის ამბობს, რომ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობას მონაწილეობას და ოთარ ფარცხალაძის პროკურატურასთან და სანქცირებულ სასამართლოსთან თანამშრომლობას არ აპირებს.
„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ორი თვის წინ გლდანში პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში თავს დამესხნენ მე და ჩემს მეგობრებს ორ თვეზე მეტი გავიდა და გამოძიებას 40-ზე მეტი თავდამსხმელიდან მხოლოდ 6 ადამიანი დააკავა. კადრების გასაჯაროების შემდეგ არც ერთი ადამიანის იდენტიფიცირება არ მომხდარა. მეტიც მედიის მხრიდან ამოცნობილი ადამიანები გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ.
ახლა, ორი თვის შემდეგ, გამოძიებას გაახსენდა, რომ ჩვენს ჩაქოლვას შეესწრო დედაჩემი და გადაწყვიტეს ამ ფარსში, ვითომ გამოძიებაში მიაღებინონ მონაწილეობა. ეს გამოძიებას გაახსენდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელად, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის ჩემთვის მოწერილი წერილი გასაჯაროვდა. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს მეც და საზოგადოებასაც, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ გამოძიებასთან. თქვენი მიზანი, პოლიტიკურ წნეხში გვამყოფოთ მე და ჩემი ოჯახი, არ გამოვა. მე და ჩემი მეგობრები ამ წნეხს არ ვექვემდებარები და აუცილებლად დაგამარცხებთ როგორც გლდანში, ისე მთელ საქართველოში, ხალხთან ერთად.
ახლა საჯაროდ, კიდევ ერთხელ მივმართავ გამოძიებას ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით – არ ვაპირებთ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობას, არ ვაპირებთ ფარცხალაძის პროკურატურასთან და სანქცირებულ სასამართლოსთან თანამშრომლობას. ჩვენ უარს ვამბობთ თქვენთანაც რაიმე სახის თანამშრომლობაზე და ჩვენების მიცემაზე. თუ გსურთ რაიმეს გარკვევა, ამოიღეთ კადრები და ამოიცანით თავდასხმის მონაწილე ყველა პირი, ამოიღეთ, დაადგინეთ და იმოქმედეთ,” – განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.