ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პირველი მთავარი რეფორმა, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნდა გატარდეს, განათლების სისტემის ფუნდამენტური ცვლილებაა” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებული განათლების სისტემასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ “პირველი მთავარი ცვლილება, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უნდა გახორციელდეს, განათლების ფუდამენტური რეფორმაა”.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ 2012 წლიდან განათლების სისტემამ რეგრესი განიცადა, რაც ახალ თაობაზე უარყოფითად აისახა.

საქართველო კატასტროფულად დაეშვა სასკოლო განათლების მსოფლიო რეიტინგში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ პრაქტიკულად უსწავლელ ახალ თაობას. ეს არის მასწავლებელთა გადამზადების იმ პროგრამის შეჩერების პირდაპირი შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით. 2012 წლიდან შეიცვალა მთავარი რამ – სწავლა ისევ აღარ არის პრესტიჟული. ბავშვები უყურებენ, რომ ცხოვრებაში სულ სხვა კრიტერიუმებია საჭირო წარმატების მისაღწევად – ნათესაური კავშირები, ჩალიჩი, ეშმაკობა, კრიმინალი, მაგრამ განათლება ამ ჩამონათვალში ბუნებრივია არ შედის.

პირველი მთავარი რეფორმა, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნდა გატარდეს არის განათლების ფუნდამენტური რეფორმა. მე მაქვს ჩემი აბსოლუტურად ზუსტი ხედვა თუ როგორ უნდა მოვახდინოთ არსებული ჭაობიდან განათლების სისტემის გამოყვანა, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და წახალისება, მოსწავლეებში ინტერესის გაძლიერება და ახალი სტიმულების შემოღება მაღალხელფასიანი სამუშაო ადგილების მოპოვებაზე მორგებული განათლების დანერგვა,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველო წაკითხულის გააზრებაში 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა – მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევის, PISA-ს შედეგები ცნობილია.

PISA-ს განათლების კვლევის მიხედვით, საქართველო მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე ადგილს იკავებს. კვლევის თანახმად ირკვევა, რომ საქართველოს 2022 წლის შედეგები, 2018 წელთან შედარებით, მათემატიკასა და კითხვაში გაუარესდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი მცირედით გაუმჯობესდა.

იტვირთბა....