ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ის არის ღირებული პოლიტიკოსი, წარმატებებს ვუსურვებ მას“ – სალომე სამადაშვილი ნიკა მელიაზე

„ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ნიკა მელიასა და მასთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხის შესახებ ისაუბრა.

„ნიკა მელია, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი მოთამაშე გასული წლების მანძილზე ოპოზიციურ ველზე. ჩვენ გვახსოვს, რომ მან არაერთხელ ძალიან თავდადებით იბრძოლა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის არის ღირებული პოლიტიკოსი, წარმატებებს ვუსურვებ მას. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა გეგმები აქვს მას საკუთარ პარტიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება „ლელოს“ პოზიციას, ის ცნობილია – ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის ჩვენი პარტიული გაძლიერება, ამავე დროს „ლელო“ მუდამ ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკოსთან თუ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც იზიარებს „ლელოს“ ხედვას, რომ ჩვენ გვჭირდება რუსული რეჟიმის დამარცხება, მაგრამ მომავალი არ ნიშნავს წარსულში დაბრუნებას, ანუ არ ნიშნავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთპარტიული მმართველობის აღდგენას ქვეყანაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ენმ-დან წასვლის შესახებ მელიამ განცხადება გუშინ გააკეთა. ის ახალ პარტიას აფუძნებს.

იტვირთბა....