„სუს-იდან არავინ დამკავშირებია და ეს ჩვენებაც არ გამოაქვეყნეს“ – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში აცხადებს. საქმე შეეხება ე.წ. „კოკაინის საქმეს“, რომელზეც პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა.
ელისაშვილი კონკრეტულ ადამიანებსა და ფაქტებს იხსენებს, რაც მისი თქმით იმას მოწმობს, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებას არასათანადოდ მოეკიდა – „პირველივე ჩვენებაზე მე ჩამომიყალიბდა აზრი და უკვე მეორე ჩვენებაზე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ხალხი რეალურად საქმეს კი არ იძიებდა, ისინი საქმის ჩაფარცხვაზე მუშაობდნენ“- განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე ლევან ქებურიამ სუს-ის უფროსის მოადგილეს, სოსო ჩიკვილაძეს ფაქტების შესახებ უამბო, მას კი რეაგირება არ მოუხდენია.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს ადამიანი, ლევან ქებურია, რომელსაც აქვს 15-წლიანი სტაჟი უშიშროების სამსახურში მუშაობის. მას პრეზიდენტმა დაავალა ჩემთვის მოესმინა, მან წაიკითხა ჩემი მესიჯები და ჩემი მონათხრობი მოისმინა. იმ წყაროს შესახებაც ვუთხარი, ვინც მე ეს ინფორმაცია მომაწოდა 200 000-ზე. გვარებიც ვუთხარი: ბესელია-კობახიძე. ეს ადამიანი 2014 წლის მაისის დასაწყისში წავიდა მოდულის შენობაში, დაურეკა სუსის უფროსის მოადგილეს, ჩიკვილაძე სოსოს, შეხვდა და ესაუბრა. მისგან კი პასუხად მოისინა ის, რომ აუცილებლად პირადად დამიკავშირდებოდა და დაიწყებოდა ამ საქმეზე მოკვლევა. არავინ დამკავშირებია და მისი ეს ჩვენებაც არ გამოაქვეყნეს. ისევე როგორც არ ახსენეს, რომ მე ბადაშვილთან და გოგაშვილთან შეხვედრა მქონდა“- განაცხადა ელისაშვილმა.
„1596 მესიჯი სამხარაულის ბიურში აღადგინეს და მაინცდამაინც ის 6 მესიჯი ვერ აღადგინეს“ – განაცხადა ელისაშვილმა.
ის ამბობს, რომ ამ მესიჯების შინაარსი ცნობილი გახდება და ეს იქნება „თავს ლაფი პროკურატურას“. საკრებულოს დეპუტატის თქმით, ტელეფონს ის გაგზავნის ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში და უახლოეს მომავალში მესიჯების შინაარსი ცნობილი გახდება.
როგორც ელისაშვილი ამბობს, ეს იყო გამოცდა პროკურატურისთვის, რადგან მას შეეძლო ახალი სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური კულტურა დაემკვიდრებინა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ტრადიციას გამიჯნოდა.