„ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების სტატუსისა და EU-ს დადებითი გადაწყვეტილების შემაფერხებელი ფაქტორების შესახების ისაუბრა.
მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას საფრთხეს უქმნის პუტინისა და ივანიშვილის საერთო მოკავშირის, ვიქტორ ორბანის პოზიცია.
„როცა ევროკავშირი გვეუბნება, რომ დეოლიგარქიზაცია არის მოთხოვნა, ეს ნიშნავს იმ პოლიტიკური რეჟიმის დასრულებას ჩვენს ქვეყანაში, სადაც ოლიგარქს არაფორმალურად აქვს მიტაცებული მთელი სახელმწიფო ინსტიტუციები. დეოლიგარქიზაცია დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვერ განხორციელდება, ეს არის შეუძლებელი და რამდენი საკანონმდებლო ცვლილებაც არ უნდა გატარდეს, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას დემოკრატიული ევროპული კოალიციის მმართველობით, სადაც პარტიები შესაბამისად იქნებიან წარმოდგენილნი. ოლიგარქიულ ავტოკრატიულ რეჟიმში, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც არის წარმოდგენილი, შესაძლოა ბოროტად იქნას გამოყენებული მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. იქ, სადაც ინტერესი შეეხება რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს და მის მმართველ პოლიტიკურ ძალას, “ქართული ოცნების” სახით, ცხადია, კანონი რეალურად არ ვრცელდება მათ საქმიანობაზე. ამიტომ ეს არის მორიგ ჯერზე საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მოტყუება, თითქოს ოლიგარქიულ რეჟიმს რაიმე რეფორმის განხორციელება შეუძლია. არანაირი რეფორმა ამ ხელისუფლების პირობებში არ განხორციელდება, მათ შორის, არც საარჩევნო დაფინანსების რეფორმა. ამ ცვლილებასაც სავარაუდოდ ხელისუფლება ეცდება, გამოიყენოს ოპონენტების წინააღმდეგ,“- განაცხადა სამადაშვილმა.