გუშინ პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო. სექტემბერში მიღებული კანონი დაჩქარებული წესით შეიცვალა და კიდევ უფრო გამკაცრდა.
შესწორებები სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ.
აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ „გირჩის“ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილს ესაუბრა.
„თავდაცვის კოდექსში“ აღნიშნული ცვლილებები ორ მიმართულებას ეხება, საზღვარგარეთ ონლაინ-სწავლებასა და ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ თემაზე.
მას, ვინც საზღვარგარეთ ონლაინ სწავლობს, ფაქტობრივად, შესთავაზეს, რომ თან ივარჯიშეთ და თან ისწავლეთო. ანუ საზღვარგარეთ სწავლა საქართველოში სწავლისგან განსხვავებულ რეჟიმში განიხილება.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, სიმართლე გითხრათ, მანდ მეც დაბნეული ვარ. წარმოიდგინეთ, ეს კანონი ზაფხულშიც იყო შემოტანილი. ზუსტად იმავე კანონის განმარტებით ბარათში ეწერა, რომ ცვლილება მიმართული იყო „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელსაც ყალბს უწოდებდნენ. ახლა ხომ კანონი იგივე შემოვიდა, ოღონდ განმარტებითი ბარათიდან „გირჩი“ ამოღებულია.
კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ რა განცხადებაც გააკეთა, იმის მიხედვით, ეს ცვლილება, ფაქტობრივად, არც არავის ეხება.
აი, წარნოიდგინეთ, როცა ადამიანი 17 წლის ხდება, ის აჰყავთ აღრიცხვაზე, 18 წლიდან კი სამხედრო ვალდებული ხდება და უნდა წაიყვანონ ჯარში. აქედან დაწყებული, ამ ადამიანმა შეიძლება მიმართოს სასამართლოს, მაგრამ რაზე უნდა ედავოს?
თანაც, სასამართლო გადაწყვეტილება არ აჩერებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ეს გაუგებარია, რადგან ჯერ ერთი, 17 წლის ადამიანი სკოლაში დადის. მერე კი, 18 წლიდან, თუკი ის ამბობს, რომ პაციფისტი ან რომელიმე რელიგიის მღვდელთმსახურია, კანონის წაკითხვის დონეზე, ტექნიკურად, ის ჯარში, ყაზარმაში იმყოფება.
აი, გამოიძახეს ადამიანი და მან თქვა, რომ ალტერნატიული სამხედრო სამსახური სურს, მაგრამ ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდა და წაიყვანეს ჯარში, ამ პირმა კი სასამართლოში გაასაჩივრა, მას კი არ ათავისუფლებენ ჯარიდან, იქ რჩება. კანონის ტექსტში ასე იკითხება. მინისტრის მოადგილე კი სიტყვიერად ამტკიცებს, რომ ყველა, ვინც ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს მოითხოვს, მას ეს კანონი არ შეეხება, რადგან ისინი ავტომატურად ჯანდაცვის სამინისტოში წავლენო.
აი, ასეთი უცნაური კანონი მივიღეთ. 9 თვე ხომ ვიხილავდით კოდექსს, სექტემბერში მივიღეთ და იმის მერე კიდევ ორი ცვლილება მივიღეთ, ოღონდ დაჩქარებულად. რას ვაჩქარებთ, არ ვიცი.
თანაც, ჯერ არც ერთი შემთხვევა არ გვქონიაო. მაშინ რატომ ჩქარობდნენ ცვლილების მიღებას. მოკლედ, სრული გაუგებრობაა.
თავიდან მესმოდა მაინც, რას აკეთებდნენ, ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ კომეტეტსაც ამდენჯერ დავესწარი, ამდენი წავიკითხე, ვერ გავიგე, რა უნდათ.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც კი მიუთითა, რომ ეს ეწინააღმდეგება სტრასბურგის ევროპული სასამართლოს პრეცენდენტებსო“, – განაცხადა „მეტრონომთან“ საუბარში ვახტანგ მეგრელიშვილმა.