„ქართული ოცნების“ წევრი, ალუდა ღუდუშაური თსუ-ის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის ლექციის ჩატარებაზე უარის თქმის საკითხს გამოეხმაურა.
„უფუნქციოდ დატოვებული, უფუნქციოდ დარჩენილი სალომე ზურაბიშვილი ახლა ცდილობს – ვინ უშლიდა, რა ღირებულების მატარებელი არის, ან რა ფუნქციის მატარებელია, ზურაბიშვილმა რა ლექცია უნდა ჩაატაროს, ან ვის რა უნდა ჩაუტაროს იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, უნდა მივიდეს და ჩვენს მომავალ თაობას უნდა აუხსნას, ბოდიში და, როგორ ფეხებზე ჰკიდია საქართველოს კონსტიტუცია, ეს უნდა აუხსნას, როგორ გათელა, პრაქტიკულად, საქართველოს სუვერენიტეტი, როდესაც მან კონსტიტუციური პრინციპები დაარღვია – დღისით, მზისით, საჯაროდ,“ – თქვა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, „ტვ პირველმა“ გაავრცელა წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პრეზიდენტს ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრა. ის 3 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო.