„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში წერილობითვე უპასუხა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ ხელწერილით დაწერილ კითხვას: „ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი?“
„არ არის, არ წარმოადგენს“ – ასეთი იყო ხაბეიშვილის პასუხი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „პალიტრის“ ეთერში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.
„ეს რომ ექვსი თვით ადრე გაკეთებულიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, მაგრამ კარგია, რომ ახლა ხდება. ვფიქრობ, რომ ეს თემა დაიხურა, უკვე მიიწურა ეს საკითხი. ნიკა მელია არ არის პარტიის წევრი. პროცედურა, როგორც მე გავიგე იყო შემდეგი: ვინც არ შეუერთდა მანიფესტს, მან თავი დაიტოვა პარტიის გარეთ – როგორც გვეუბნებიან, ის არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. რაც გინდათ, ის დაარქვით ამ საკითხს. ჩემთვის ნათელია ყველაფერი. მესმის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ იქნება ტურბულენცია, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, ეს თემა დახურულია, აღარ არსებობს“, – განაცხადა ვაშაძემ.