„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში წერილობითვე უპასუხა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ ხელწერილით დაწერილ კითხვას: „ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი?“
„არ არის, არ წარმოადგენს“ – ასეთი იყო ხაბეიშვილის პასუხი.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „პალიტრის“ ეთერში პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად გაყოფილია. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის უმრავლესობას ხაბეიშვილი არა თუ არ მოსწონს, არაფრად არ მიაჩნია. არ აღიარებს ლიდერად და არც არის ლიდერი, არც თვითონ არ ფიქრობს ასე. მელია ძალიან აქტიურია და ავტორიტეტია შიდა პარტიული გაგებით და რაც უფრო დრო გადის, ის უფრო და უფრო აძლიერებს თავის პოზიციებს. ბუნებრივია, ნერვიულობენ იმიტომ, რომ პარტია ძლივს მოიგდეს იღლიაში და იქ რაღაც პროცესები მიდის, მელია გახდა მათთვის სერიოზული პრობლემა. მარტო მელია არა, იქ არის საკმაოდ დიდი ჯგუფი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გვარები ვისიც ვიცით, ყველა მელიას მხარეს არის. ვისი გვრებიც გამიგია, ორი-სამი კაცის გამოკლებით, თითქმის ყველა იქით არის.
ხაბეიშვილი ახლა გაუგებარ ვითარებაშია. მმართველობის არაჯანსაღი სისტემა, რაც ამ პარტიაში ჩამოყალიბდა, ძალიან წააგავს „ოცნებისას“. ჩრდილოვან მმართველობაზე რომ აპელირებენ, რა უფლება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ილაპარაკოს „ქართულ ამასობაში“ ჩრდილოვან მმართველობაზე, როდესაც ორმაგი და სამმაგი ჩრდილოვანი მმართველობა აქვთ.
ფაქტობრივად, მელია ნელ-ნელა პარტიას თავისკენ ქაჩავს. იქით ხაბეიშვილს ზურგს უმაგრებს ადამიანი, რომელიც კვიპროსში ზის და არანაირად არ არის ფორმალიზებული, როგორც ამბობენ. წინ კიდევ აფარებული ჰყავს მეორე, რომელიც საავადმყოფოშია თუ ციხეში, ვერ გაიგებ. ოდიოზური ვითარებაა პარტიაში შექმნილი. ხაბეიშვილი გუშინ ფაქტობრივად აიძულეს, მას ინსტრუქცია ჰქონდა მიღებული, (ციხიდან თუ კვიპროსიდან არ ვიცი) რომ სიტყვა – „გარიცხეს“ არ უნდა თქვას და უნდა აორთქლდეს მელია. თვითონ არ მიდის, გარიცხვაც არ აწყობთ იმიტომ, რომ პარალელურად ერთიანობაზე ლაპარაკობენ და ერთიანობის დროს ასეთი სიტყვები არ უნდა გამოიყენო. ჟურნალისტებმა გუშინ „შეუსრულეს“, რასაც ჰქვია და დააწერინეს, ნიკა მელია გაათავისუფლებინეს პირდაპირ სტუდიაში, რაც პარტიის წესდების დარღვევით მოხდა იმიტომ, რომ ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება მას არ ჰქონდა…
ხაბეიშვილი რომ გაუგებრობაა ყველას კარგად ესმის. ხაბეიშვილის მიღებული გადაწყვეტილება არ გაიშვას, ვინ ეკითხება ხაბეიშვილს გადაწყვეტილების მიღებას? აიძულეს ჟურნალისტებმა. ინსტრუქციის ფარგლებში მოქმედებდა, პატიოსნად იბრძოლა, რაც შეეძლო, მაგრამ არ აქვს ძალიან მაღალი ინტელექტი, რომ გაძრომოდა ბოლომდე. მიაყენეს კედელთან, ეს ადგა და რაღაც სისულელე გააკეთა. ეს ადამიანი გაუგებრობაა პარტიის ლიდერად და ყველას ესმის ეს. მელიას რომ ვერ იტანენ იმათაც ესმით. მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე მომწიფებულია და ხაბეიშვილის გაშვება უბრალოდ რბილად უნდათ. წიხლს ხომ არ ამოკრავენ? ხაბეიშვილი რომ დიდი ხანია „ლაფატკაზე“ ზის, ეს ჩანს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.