დღეს წარმოვადგენთ სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოვიდა. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ჩართულ პირს, ჩვენი გუნდის წევრებს, ფინანსთა მინისტრსა და მის გუნდს, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა ახალ ბიუჯეტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის სხდომაზე დღეს ქვეყნის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს განიხილავენ და შემდეგ ის პარლამენტს გადაეგზავნება. პრემიერმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ბოლო 3 თვის განმავლობაში, მათ პარლამენტთან ერთად ბიუჯეტის პროექტზე აქტიურად იმუშავეს.
„ბიუჯეტი დაგეგმილია კონსერვატიულად. ჩვენ ჩავდეთ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე შემცირებულია ძალიან ბიუჯეტის დეფიციტი – 2,5% იქნება დეფიციტი. გვინდა, რომ შემცირების ტენდენცია შემდეგ წლებშიც შევინარჩუნოთ. მთავრობის ვალი მშპ-თან მიმართებაში 38% იქნება, რაც ასევე დაბალია. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო სამ წელიწადში მთავრობის ვალის მნიშვნელოვანი შემცირება მოვახერხეთ და მომდევნო წლებშიც მასაც შემცირების ტენდენცია ექნება“, – განაცხადა პრემიერმა.

