საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.
ილია დარჩიაშვილის თქმით, დოკუმენტი მასშტაბურია, რომელიც განსახორციელებელი რეფორმების თანმიმდევრობას განსაზღვრავს.
„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დეოლიგარქიზაციის კანონის შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ეს დოკუმენტი ჩვენ შევქმენით რამდენიმე კვირის წინ, ევროკომისიის რეკომენდაციებამდე. დოკუმენტი მასშტაბური, სიღრმისეულია, რომელიც განსაზღვრავს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით წყება რეფორმების განხორციელების თანმიმდევრობას, მათ შორის, დროის თვალსაზრისითაც. ვიცით, რომ ამ კანონმდებლობის და რეფორმის უკან დგას კომპლექსური პროცესები, ეს ეხება მართლმსაჯულების სისტემას, ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოს საკანონმდებლო სივრცის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, კონკურენციის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილებაც, საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული ეს დოკუმენტიც იქნება მორიგი მექანიზმი, რომლითაც ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით აქტიურ დინამიკას შევინარჩუნებთ “, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

