„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში წერილობითვე უპასუხა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ ხელწერილით დაწერილ კითხვას: „ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი?“
„არ არის, არ წარმოადგენს“ – ასეთი იყო ხაბეიშვილის პასუხი.
აღნიშნულ ამბავს ენმ-ს წევრი, გიორგი პატარაია გამოეხმაურა.
„სამარცხვინო და მდაბიო საქციელი იყო ლევან ხაბეიშვილის მხრიდან. ანალოგი თუ მოიძებნება, ეს გახლავთ, ალბათ, საბჭოთა კავშირის დროს პოლიტიკური ბიუროს წარმომადგენლებს რომ ადამიანებს პარტიიდან რიცხავდნენ და სასჯელს უწესებდნენ. წარმოუდგენელია, ადამიანმა ვინც პარტიაში გასტროლიორად იყო წარმოდგენილი, ხან მიდიოდა, ხან მოდიოდა და სეირნობდა აქეთ-იქით „ნაციონალური მოძრაობიდან“, ის ადამიანები გარიცხოს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ პარტიის გამარჯვებისთვის, ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის და პარტიის წარმატებისთვის იბრძოდნენ. სამწუხარო და მდაბიო საქციელია მისი მხრიდან. რაც შეეხება მე მივდივარ თუ არა პარტიიდან, მე ნამდვილად არსად წავსულვარ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არასდროს – უკვე 22 წელია ამ პარტიაში ვარ და არც ახლა ვაპირებ წასვლას. თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნული პიროვნება, ვიხილავთ. რაც ყველაზე მთავარია, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთი ყველაზე დიდი წარმატება იყო, რომ შიდაპარტიულ პროცესებში მუდმივად იყო კამათი, განსხვავებული აზრები და არასდროს არავის მოსვლია აზრად ვინმეს გარიცხვა, გამორიცხვა თუ გაგდება. სამწუხაროა ის ფაქტი, რაც გუშინ „ფორმულას“ ეთერში ვიხილეთ,“- განაცხადა პატარაიამ.