ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია უნდა გავაერთიანოთ… თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! გამარჯვება საქართველოს!” – ვაშაძე

ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია უნდა გავაერთიანოთ… თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! გამარჯვება საქართველოს! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ვარდების რევოლუცია იყო მოვლენა, რომელმაც უზარმაზარი, გარდამტეხი ტრანსფორმაცია მოახდინა საქართველოს ისტორიაში.

ოპოზიციონერმა ლიდერმა ისაუბრა შემდეგ არჩევნებზეც და განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნები უმნიშვნელოვანესია არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ეს არის არა პარტიების კონკურენცია, არამედ გეოპოლიტიკური არჩევნები.

მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს გიორგობაა, გილოცავთ ყველას! ეს დღე არის სინათლის სიბნელეზე გამარჯვების! სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღე

სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს მრავალტანჯულმა ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა ბოროტებაზე, 23 ნოემბერი არის თარიღი, როდესაც ქართველმა ერმა სიმართლის ლახვარი ჩასცა ბოროტების იმპერიას და მის გავლენას საქართველოში.

ვარდების რევოლუცია იყო მოვლენა, რომელმაც უზარმაზარი, გარდამტეხი ტრანსფორმაცია მოახდინა საქართველოს ისტორიაში და აქედან მინდა მოვიკითხო ამ დღის ქართველ ხალხთან ერთად მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამწუხაროდ უსამართლოდ იმყოფება რუსული რეჟიმის ტყვეობაში

თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! გამარჯვება საქართველოს!

ყველას გვახსოვს და ვიცით როგორი ქვეყანა იყო საქართველო 2003 წლამდე.

ქვეყანაში იყო უკიდეგანო სიღარიბე და კორუფცია,
ადამიანების გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით იყო იმდროინდელი საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი.

მთელი დღე პურის რიგში გვიწევდა დგომა, არ იყო შუქი, არ გვქონდა წყალი, ქალაქის ქუჩები გადაქცეული იყო ნაგავსაყრელად,

ქრთამი და კრიმინალი ითვლებოდა ცხოვრების ჩვეულებრივ წესად.

საღამოს ქუჩაში გასვლა არა მარტო ყაჩაღობასთან, არამედ სიცოცხლის დაკარგვის რისკთან იყო დაკავშირებული.

ქუჩაში წესრიგს კრიმინალური ავტორიტეტები განსაზღვრავდნენ.

ქრთამის გარეშე ვერც მანქანას განაბაჟებდი, ვერც პასპორტს ან რაიმე სხვა დოკუმენტს აიღებდი.

ევროპა ან ნატო კი არა, ხელფასი და პენსია შორეულ პერსპექტივად ითვლებოდა, გახსოვთ ალბათ თვეობით გაყინული 12 ლარიანი პენსიები.

საქართველოს მოიხსენიებდნენ არშემდგარ სახელმწიფოდ.

აი, ასეთი მძიმე რეალობის საქართველოს ავტორები ებრძვიან დღეს თავისუფალი, ევროპული, ძლიერი საქართველოს იდეას.

აი, ამ ხალხის მიერ არის დატყვევებული არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი არამედ მთელი საქართველო, რასაც თქვენთან ერთად ძალიან მალე დავასრულებთ!

რა შედეგები მოუტანა საქართველოს ვარდების რევოლუციამ? ვარდების რევოლუციის შემდეგ ვცხოვრობდით ქვეყანაში სადაც ყოველდღიური ჩვევებიდან საერთოდ ამოვიღეთ კორუფცია.

ყველას კარგად გახსოვთ რამდენი წარმატებული პროექტის განხორციელება მოვასწარით. მათ შორის:

განათლების რეფორმა – ეროვნული გამოცდები პატრულის რეფორმა, იუსტიციის სახლი,

10-ჯერ გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტი, გაათმაგებული პენსიები და ხელფასები,

გათავისუფლებული აჭარა,

აღდგენილი და გალამაზებული ბათუმი, ქუთაისი, სიღნაღი, მესტია და საქართველოს სხვა უამრავი ქალაქი;

საქართველო გახდა მიმზიდველი ტურისტებისთვის;

აღდგა და შენარჩუნდა ასობით ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი;

სრულად დამარცხდა კრიმინალი, აღმოიფხვრა კორუფცია, საჯარო სამსახურებში

საქართველომ მოიპოვა ენერგო, ეკონომიკური, სასურსათო დამოუკიდებლობა რუსეთისგან.

საქართველო მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე არშემდგარი სახელმწიფოს ნაცვლად დაფიქსირდა ჩემპიონ, რეფორმების ლიდერ სახელმწიფოდ.

სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, ალბანეთი, მოლდოვა – ამ ქვეყნების განვითარებას საფუძვლად სწორედ ჩვენი, ვარდების რევოლუციის, მიშას რეფორმები უდევთ.
ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი იდეაა განვითარებული, ძლიერი საქართველო.

ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა კონკურენტებთან – ჩვენ ვამბობთ და ვაკეთებთ!
გაგვიკეთებია და კვლავ გავაკეთებთ!

ზუსტად იგივე მასშტაბის ტრანსფორმაცია, გარდამტეხი და სწრაფი რეფორმებია ახლა საჭირო მაგრამ ამისთვის აუცილებელია არჩევნებში გამარჯვება, რომელიც არის არა მხოლოდ პარტიებს შორის არჩევანი, არამედ გეოპოლიტიკური არჩევნები.

საქართველოს წარმატებისთვის და უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობა, რასაც მიზანმიმართულად ხელს უშლის დღევანდელი პრორუსული ხელისუფლება.

ალბათ გიჩნდებათ კითხვა, თუ ხელისუფლება პრორუსულია მაშინ რატომ მოგვცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?

ამას აქვს 3 მიზეზი:

1. ევროკავშირმა დაინახა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი სწრაფვა და ხელი გამოუწოდა ბოლო პერიოდში ქუჩაში გამოსულ ასობით ათას ჩვენს მოქალაქეს.

2. დაასრულეს რუსული დეზინფორმაცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ გამუდმებით იმეორებდა, რომ თითქოს ომს თუ არ დავიწყებთ სტატუსს არ მოგვცემენ ან გეოგრაფიულად შორს ვართ და სტატუსს ვერ მივიღებთ;
3. ეს იყო გეოპოლიტიკური გზავნილი სხვა ქვეყნებისთვისაც, რომ ვისაც აქვს დემოკრატიული განვითარების სურვილი მათ შეუძლიათ ჰქონდეთ ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი.

მეგობრებო, კანდიდატის სტატუსის მოპოვება არის ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისკენ მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის წევრობა გარანტირებული უსაფრთხოებისთვის და განვითარებისთვის და უფრო მეტიც,

როგორც ეროვნული მოძრაობის დროს თავისუფლება იყო და არის ეროვნული იდეა, სწორედ ამ თავისუფლების განმტკიცებისთვის ახალი ეროვნული იდეა არის ევროპა.

ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ ჩვენი გამარჯვებისთანავე უსწრაფესად შევასრულებთ ევროკავშირის 9 წინაპირობას და საქართველო დაჩქარებული წესით, ხაზს ვუსვამ, დაჩქარებული წესით აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო,
დავაჩქარებთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, რაც იქნება მთავარი წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. გპირდებით, გვექნება ევროკავშირის სტანდარტების დონის დამოუკიდებელი სასამართლო, საქართველოს ექნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ჩვენს მოქალაქეებს აღარ მოუწევთ საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ოჯახების, მშობლებისა და შვილების დატოვება. ახალგაზრდებს ექნებათ განვითარების შესაძლებლობა საქართველოში და არ მოუწევთ უცხოეთში წასვლა, რისთვისაც გავაკეთებთ ახალგაზრდების სტარტაპების ხელშეწყობის 1 მილიარდიან ფონდს.

ისეთ უზარმაზარ კომპანიებს როგორებიცაა Apple, Google, Amazon, რომლებმაც ოფისები დახურეს რუსეთში შემოვიყვანთ საქართველოში, ეს იქნება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი. რითც შევქნით დამატებით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და შემოვიტანთ წარმოუდგენელი მასშტაბის ინვესტიციებს.

ემიგრანტებს დავაბრუნებთ საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სახლებში,

ყველა გაჩერებულ პროექტს წელიწადნახევარში არა მხოლოდ დავასრულებთ, არამედ შევძენთ ახალ გეოპოლიტიკურ ფუნქციას და მნიშვნელობას,

ქართული სოფლები იქნება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი.

საქართველოს ექნება ახალი, სწრაფი რკინიგზა, რომელიც დააკავშირებს არა მხოლოდ თბილისს და ბათუმს, თბილისს და ზუგდიდს, არამედ თბილისს, სოხუმს და ბრიუსელს!

ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, მეცნიერი, ექიმი და ჯარისკაცი.

ეს არის წარმატებული ქვეყნის ფორმულა!

მეგობრებო, შემდეგი არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ეს არის არა პარტიების კონკურენცია, არამედ გეოპოლიტიკური არჩევნები: გვინდა ევროკავშირის წევრი, ძლიერი, განვითარებული, რეგიონის ლიდერი საქართველო თუ რუსულ ჭაობში ჩამხრჩვალი საქართველო.

ეს არის რეფერენდუმი ევროპულ უსაფრთხოებასა და რუსულ ქაოსს შორის;

ეს არის რეფერენდუმი საქართველო წავა განვითარების, აღმშენებლობის, გამარჯვების გზით თუ მიბრუნდება წარსულში და წავა ნგრევის გზით.

მე მჯერა, ქართველი ხალხის!

თავისუფლება, ღირსება, ევროპა ჩვენი არჩევანია და ამას ვერანაირი ზემოქმედება, ვერანაირი გაყალბება ვერ შეცვლის.

ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია უნდა გავაერთიანოთ. სწორედ ამიტომ დავაფუძნეთ „გამარჯვების კოალიცია“, რომლის ლიდერიც არის მიხეილ სააკაშვილი და სხვა ლიდერებთან ერთად, თქვენთან ერთად
ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის და ამ ერთიანობით, გამარჯვებას აუცილებლად მოვუტანთ საქართველოს!

საქართველო გაიმარჯვებს! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....