რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. მან ეს ინფორმაცია “მთავარ არხს” ხიდაშელმა პირადად დაუდასტურა.
„თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები ,კარგად იყვნენ უჩემოდ.სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის და დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც „ქართულ ოცნებასთან“ არ ვარ დაახლოებული“, – განაცხადა ხიდაშელმა.
ის არ აკონკრეტებს რატომ ტოვებს რაჭის ტყეებს, თუმცა აქვე განმარტავს რომ მას სახელმწიფომ შესაბამისი პირობები არ შეუქმნა და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს.
ბიზნესმენს ბოლო დროს ხელისუფლება ლიცენზიის გადახედვითა და შეჩერებით დაემუქრა.
როგორც კომპანიაში აცხადებდნენ, საქმე არა მათი პირობების შეუსრულებლობას, არამედ, თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს ეხებოდა. კომპანია ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და ამ დროს თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს.
20 ივლისს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას შპს “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას”, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას რაჭაში ტყის მიღება-ჩაბარების პროცესი შეუჩერეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თქვა, რომ კომპანიას სამინისტროში არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტები.
წყარო: „მთავარი არხი“