ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას თქმით, ეუთო საქართველოს დემოკრატიულ, ეკონომიკურ განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს იმ მასპინძლობისთვის, რომელიც მათ ჩვენს მიმართ გამოიჩინეს. მე და ჩემი გუნდი საქართველოში დილით ჩამოვედით და როგორც იცით, ჩვენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტური გვაქვს. ჩვენ გავატარეთ ორი დღე აზერბაიჯანში და ახლა ორ დღეს საქართველოში დავყოფთ და შემდეგ ტურს სომხეთში გავაგრძელებთ, რათა გვქონდეს სრული სურათი აღნიშნული რეგიონის შესახებ, თუ რეალურად როგორია სხვადასხვა ჯგუფების ხედვა და რა სიტუაციაა ამ დროისთვის“, – განაცხადა პია კაუმამ.
პია კაუმამ შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან გამართა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მიღება მიულოცა.
„რა თქმა უნდა, მინდა მივულოცო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ პოზიტიული ახალი ამბის მიღება. ჩვენ ყველამ ამის შესახებ გასულ კვირას გავიგეთ და გვსურს მივულოცოთ და მოვუწოდოთ საქართველოს, რომ აუცილებელი ნაბიჯები გადადგას, რათა საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ამას მივესალმებით, როგორც ევროკავშირი და როგორც ჩემი ქვეყანა ფინეთი. ასევე, მსურს ვისარგებლო შესაძლებლობით და დავაფასო თქვენი პარლამენტის მუშაობა და იმ რეფორმების მართვა, რომლებიც თქვენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განახორციელეთ“, – აღნიშნა კაუმამ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებაც ისაუბრა.
„მაგრამ ასევე, როდესაც საქმე ეხება არჩევნებზე დაკვირვებას, თქვენ შეიძლება იცოდეთ, რომ ჩემი ორგანიზაცია OSCEPA არის ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საარჩევნო, სადამკვირვებლო მისიებს. ბოლოს ეს საქართველოში სამი წლის წინ გავაკეთეთ და იმედია, რომ მომავალ წელსაც მოგვიწვევენ. საქართველო არის OSCE-სა და OSCPA-ს ხანგრძლივი წევრი და ყოველთვის ძალიან აქტიური პარტნიორია, როცა საქმე ეხება დემოკრატიას, განვითარებასა და კანონმდებლობასთან დაკავშირებული დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა პია კაუმამ.