ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმ სიმართლემ, რასაც ყოველ ჩვენს გამოსვლაში ვეუბნებოდით საზოგადოებას, შეუძლებელი გახადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და, საბოლოოდ, მიგვაღებინა კანდიდატის სტატუსი” – სუბარი

იმ სიმართლემ, რასაც ყოველ ჩვენს გამოსვლაში ვეუბნებოდით საზოგადოებას, შეუძლებელი გახადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და, საბოლოოდ, მიგვაღებინა კანდიდატის სტატუსი – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში განაცხადა.

“პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაც იქნება დადებითი და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების ორწლიანი ბრძოლის შედეგია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წვლილი მიუძღვის იმ ათწლიან რეფორმებს, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან, და იმ დემოკრატიული გარდაქმნის შედეგია, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. რამდენად უსაფუძვლოა იაფფასიანი სპეკულაცია, თითქოს ეს არის რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ დამსახურება ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, მარტივად ჩანს შედეგიდან – ამ გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაამსხვრია ოპოზიციის გეგმები, რომ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლას შეძლებდნენ, და იმედი, რომ შეიძლება, რაიმე შედეგს მიაღწიონ რაიმე ტიპის არჩევნებში.
ახლა აქვთ ახალი ნარატივი, რომელსაც ყველა ოპოზიციონერი ერთხმად იმეორებს – რამენაირად მოხდეს საარჩევნო ბარიერის ხუთიდან ორ პროცენტამდე დაწევა. თვითონ ეს ფაქტი, რომ ორპროცენტიან ბარიერს ითხოვენ და სხვა შანსს ვერ ხედავენ, კარგად აჩვენებს, როგორი უსუსურია მათი მტკიცება, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს მხარდაჭერა და რომ ძალიან მალე ისინი შეძლებენ ხელისუფლების ცვლილებას. ამ დროს მთელი გათვლა აქვთ იმაზე, რომ ზუსტად იციან, მაქსიმუმ, რისი მიღწევაც შეუძლიათ, ეს არის 40 000 ამომრჩევლის ხმა. ეს არის მათი მაქსიმალური ელექტორატი. ამიტომ ცდილობენ, ორ პროცენტამდე დაიწიოს ბარიერი. სწორედ აქედან ჩანს, ვის ინტერესში შედიოდა კანდიდატის სტატუსის მოპოვება და ვინ აკეთებდა ყველაფერს, რომ სტატუსი არ მიგვეღო, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათი აზრით, შესაძლებელი იქნებოდა ქვეყანაში არეულობის მოწყობა“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

იტვირთბა....