ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ზურაბიშვილის სამარცხვინო განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოგვიწია, ის რჩება ფორმალურ პრეზიდენტად“ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ ისაუბრა.

ის ზურაბიშვილის მიერ ფრანგულ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერის შესაძლო გასამართლებას გაუსვა ხაზი.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო სამარცხვინო, რომლის გამოც საქართველოს მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია. ეს არ არის პირველი განცხადება, გახსოვთ მისი განცხადება 2019 წელს, როდესაც გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, მთავრობას დასჭირდა თვეები იმისთვის, რომ დიპლომატიური პრობლემები აერიდებინა თავიდან.

ზურაბიშვილი ცდილობს, რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, მას თვეები აქვს დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეებიც დავალებების შესასრულებლად, იმ დავალებების, რომელიც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. რა თქმა უნდა, ამის საშუალება სალომე ზურაბიშვილს არ ექნება, ის რჩება ფორმალურ პრეზიდენტად, რაც უკვე ყველამ გაიგო, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესი იქნება თავიდან ბოლომდე დაცული“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ ზურაბიშვილის ინტერვიუს ტელეკომპანია „LCI“ – თან.

პრეზიდენტს ჰკითხეს: „გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინს როდესმე გასამართლდებიან? ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინ პინი, უიგურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს, პუტინი რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ…“

ზურაბიშვილის პასუხი ასეთი იყო: „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა”.

იტვირთბა....