„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხსა და იმ პირობებზე ისაუბრა, რომელთა შესრულებაც „ქართულ ოცნებას“ მოუწევს.
„ერთი მხრივ, ყველა ევროპარლამენტში ხაზს უსვამს იმას, რომ დადებითი გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან, ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. მეორე მხრივ, ხაზს უსვამენ იმის, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინას დაეწიოს, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებისთვის. მაშინ, როდესაც საქართველო ასოცირების ტრიოში მოწინავე ქვეყანა იყო, მაგრამ ახლა პრაქტიკულად, ერთწლიანი ჩამორჩენაა უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით. აუცილებელია რეფორმების გატარება, თუმცა ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსული ოცნება“ ამ რეფორმებს გაატარებს, დიდად არ არის. ერთი პირობის შესრულება, რომლის შესრულებაც ივანიშვილის რეჟიმს აუცილებლად მოუწევს, ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. კანდიდატის სტატუსის დადებითი გადაწყვეტილება, ერთგვარად, სამართლიანი არჩევნების გარანტად იქცევა, რის შედეგადაც, ხელისუფლება უცილებლად შეიცვლება და შემდეგ დემოკრატიული, დასავლური, ევროპული, კოალიციური ხელისუფლება განახორციელებს რეფორმებს, რათა საქართველოსთვისაც გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე ევროკავშირთან“,- განაცხადა ბოკუჩავამ.