„ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ ისაუბრა.
„სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტს აღარ ვუწოდებთ. ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს. ამიტომ მოვიხსენიებთ მას არა პრეზიდენტად, არამედ სალომე ზურაბიშვილად, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიშაში მშვენივრად ჩაჯდა, ზოგ შემთხვევაში გაასწრო კიდეც რადიკალიზმის ხარისხის ქმედებებით, თუ საუბრით ჩვენს ოპოზიციონერ რადიკალ დეპუტატებს, თუ ოპოზიციონერებს.
სამწუხაროა, რომ ზურაბიშვილის განცხადებებზე გვიწევს მეგობრებთან, პარტნიორებთან ბოდიშების მოხდა. დღეს ვდგავართ და ვებოდიშებით. იმდენად დამაზიანებელი განცხადება გააკეთა ორი ქვეყნის ურთიერთობებში.
რომ არა ჩვენი ეს გადაწყვეტილება, იმპიჩმენტის საკითხი, რომლითაც მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ეს ადამიანი უხეშად არღვევს კონსტიტუციას და ამ დარღვევის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი, ათასჯერ უარესს და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით.
ეს ქალი ამბობს, რატომ არ მიშვებენ ევროპაში, რატომ არ შემიძლია წარმოვადგინო მთავრობა, რატომ არ მაძლევენ ლეგიტიმაციას, რომ მათი სახელით ვისაუბრო სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობაში, როდესაც ასე უხერხულ საბოდიშო მდგომარეობაში აგდებს ხალხს და ხელისუფლებას“, – აღნიშნა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ LCI-სთან ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და ასევე, სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, უპასუხა, რომ ეს მისი შინაგანი რწმენით ისტორიული შედეგი იქნებოდა, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. „თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია?- არა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.