ვინ მიიღებს მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში 2024 წელს – უცხოური მედია წერს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატურის წარდგენისთვის რესპუბლიკური პარტიიდან შვიდი, დემოკრატებიდან კი სამი წევრი იბრძვის, მათ შორის, ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იქნება. მედიიც ცნობითვე, წინასაარჩევნო მარათონს ამერიკაში მესამე მხარის რამდენიმე კანდიდატიც შეუერთდება.
კანდიდატების სავარაუდო სიას უცხოური მედია ავრცელებს. გთავაზობთ Reuters-ის სტატიას უცვლელად:
რესპუბლიკური პარტია:
დონალდ ტრამპი – აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ლიდერობისთვის ბრძოლა კიდევ ერთხელ სურს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ტრამპის წინააღმდეგ ამერიკის ოთხ შტატში იყო ბრალდებები, რომლებითაც ყოფილ პრეზიდენტს ფედერალური სისხლის სამართლის საქმეებზე ედავებოდნენ. მიუხედავად ამისა, ტრამპი რესპუბლიკელთა მთავარ კანდიდატად ითვლება. პარტიის წევრთა 51% მხარს სწორედ ტრამპს უჭერს. ხელახლა გაპრეზიდენტების შემთხვევაში ტრამპი ჩინეთთან სავაჭრო შეზღუდვების გამკაცრებას აპირებს; გარდა ამისა, ის პოლიტიკური ანგარიშსწორებით იმუქრება მათ წინააღმდეგ, ვინც ყოფილ პრეზიდენტს სხვადასხვა ბრალდებით ადანაშაულებს.
რონ დესანტისი – ფლორიდის გუბერნატური რონ დესანტისი თავს ტრამპზე მეტად მემარჯვენედ წარმოაჩენს ისეთ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც, მაგალითად, აბორტია. მიუხედავად ამისა, მისი მთავარი ფინანსური დონორები აცხადებენ, რომ დესანტისს მხარს არ დაუჭერენ, თუკი იგი უფრო ზომიერ პოლიტიკას არ აირჩევს. დესანტისი ტრამპის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევა; მას მხარს რესპუბლიკელთა 40% უჭერს.
ნიკი ჰეილი – სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი და ტრამპის დროს გაეროში აშშ-ის ელჩი იყო. ქალ რესპუბლიკელს ძლიერი კონსერვატული იდეები აქვს, თუმცა ოპონენტებისგან გენდერსა და რასობრივ საკითხებთან დაკავშირებით შედარებით თანამედროვე ხედვები გამოარჩევს.
ვივეკ რამასვამი – ყოფილი ბიოტექნოლოგი. ის კომპანიებს გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორატიული მმართველობის ინიციატივების გაუქმებისაკენ მოუწოდებდა. რამასვამი ტრამპის მთავარ ალტერნატივად ითვლება, თუმცა, ამასთან, ის ტრამპის მხურვალე მხარდამჭერია და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მნიშვნელოვანი სიმპატიებით გამოირჩევა.
კრის კრისტი – ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი და ფედერალური პროკურორი. თავდაპირველად იგი ტრამპის კამპანიის მრჩეველი იყო, თუმცა მალე ყოფილი პრეზიდენტის მთავარ კრიტიკოსად იქცა. Კრისტის რესპუბლიკურ პარტიაში 2%-იანი მხარდაჭერა აქვს.
ასა ჰაჩინსონი – არკანზასის ყოფილი გუბერნატორი, რომელსაც რესპუბლიკელთათვის სასურველი ინიციატივების გატარება, კერძოდ, გადასახადების შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა სურს. Მიუხედავად ამისა, ჰაჩინსონს არკანზასის გარეთ ცოტა თუ იცნობს და რესპუბლიკელებისგანაც 0%-იანი მხარდაჭერა მიიღო.
დუგ ბურგუმი – ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორი. დაბალი გადასახადებისა და ნაკლები რეგულაციების მომხრე რესპუბლიკელი თავს ტრადიციულ კონსერვატორად წარმოაჩენს, რომლისთვისაც პოლიტიკაში მთავარი ფოკუსები ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკაა. მიუხედავად ამისა, მისი მხარდაჭერის რიცხვიც მხოლოდ 0%-ია.
დემოკრატიული პარტია:
ჯო ბაიდენი – აშშ-ის ამჟამინდელი ლიდერი სახელმწიფოს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტია. ბაიდანი 80 წლისაა, თუმცა ამომრჩევლებს არწმუნებს, რომ გამძლეობა კიდევ ერთხელ კენჭის საყრელად კვლავ აქვს. კანდიდატურის წარდგენისას ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი მისია ამერიკული დემოკრატიის დაცვაა, პირველ რიგში, მისი მთავარი რესპუბლიკელი ოპონენტის, დონალდ ტრამპისგან.
მომდევნო არჩევნებში ეკონომიკა ერთ-ერთი მთავარი საკითხი უნდა გახდეს, რადგან ბაიდენის მმართველობის დროს აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებელმა 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ბაიდენს აკრიტიკებენ მიგრაციული პოლიტიკის გამოც, რადგან მის დროს აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში, პირველ რიგში კი, რუსეთის წინააღმდეგ, დასავლური ძალების გვერდით დგას.
მარიანა ვილიამსონი – დემოკრატი ვილიამსონი კენჭს 2020 წლის არჩევნებშიც იყრიდა, თუმცა მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა. იგი ამჟამადაც აპირებს ბრძოლას საპრეზიდენტო არჩევნებში.
დინ ფილიპსი 54 წლის მილიონერი ბიზნესმენია, რომელსაც არ სჯერა, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი კვლავაც შეძლებს თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმატებულად გაძღოლას. მისი თქმით, “ჩვენ გვაქვს გამოწვევები… ჩვენ ეკონომიკა უნდა აღვადგინოთ, ჩვენ ამერიკა უნდა აღვადგინოთ.”
არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის კიდევ სამი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს. მათ შორის იქნებიან ანტივაქსერი რობერტ ფრენსის კენედი, პოლიტიკური აქტივისტი და ფილოსოფოსი კორნელ უესტი, და ექიმი ჯილ შტეინი.

