ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ევროკავშირმა თავისი გადაწყვეტილებით რუსეთს უთხრა, რომ საქართველო განიხილება კავშირის ნაწილად და არ არის მიტოვებული პერიფერია“ – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „კვირის მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ისაუბრა.

კითხვას – „რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ოკუპაციის წინააღმდეგ? ევროპამ საკუთარი გადაწყვეტილებით რა უთხრა რუსეთს?“ – პაპუაშვილმა ასე უპასუხა:

„უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირმა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოძმეებს უთხრა, რომ ერთიანი საქართველოს ფორმატში მათი ადგილი ევროკავშირშია, იმ სივრცეში, რომელიც არის ეკონომიკური კეთილდღეობისა და მშვიდობის სივრცე. ამავე დროს, რუსეთს უთხრა, რომ საქართველო დღეის იქით და, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც სტატუსი მოგვენიჭება, განიხილება ევროკავშირის ნაწილად და ეს არ არის მიტოვებული პერიფერია, რომელზეც შეიძლება, სპონტანურად რაღაც რეაქციები გქონდეს. საქართველო არის საერთო ევროპული ოჯახის ნაწილი, რომელიც პერსპექტივაში ევროკავშირის წევრი იქნება და ასრულდება ის მონახაზი, რომელზეც გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ევროპა არის სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე. ეს არის გზა დეოკუპაციის და აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის იმის გააზრების, რომ ერთიან საქართველოში ყოფნა მათი ინდივიდუალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა. ეს არის გზა, რომ დეოკუპაცია მოხდეს მშვიდობიანად, დამატებითი მსხვერპლის გარეშე“

იტვირთბა....