არჩევნებამდე ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა ძალიან კომიკური იქნება – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
“ის გადაწყვეტილება, რაც ევროკომისიამ მიიღო, ცხადია, უმეტესწილად არის შეფასება მთავრობის საქმიანობის, იმ გაგებით, რამდენადაც მთავრობის პასუხისმგებლობა იყო 12 პუნქტის 90%-ი. ის, რომ ეს 12 პუნქტი არ არის შესრულებული, ასევე, მთავრობის დამსახურება და ის, რომ ევროინტეგრაცია ფაქტობრივად, ამით გაჩერებულია, რადგან შემდგომი ნაბიჯები მხოლოდ არჩევნების შემდეგ შეიძლება მოხდეს.
ფაქტობრივად, ირიბად მიგვითითეს, რომ ამ მთავრობის პირობებში შეუძლებელია, რომ ევროინტეგრაცია გაგრძელდეს, ესეც მთავრობის დამსახურებაა. საბოლოო ჯამში, ცუდიც და კარგიც, ასე თუ ისე მთავრობის, თუ მმართველი გუნდის დამსახურებაა, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის აღქმა ბევრ სხვა გარე ფაქტორზეც არის დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ 12 პუნქტი არ არის შესრულებული, სტატუსის ფაქტობრივად მოგვანიჭეს, ერთი ფორმალური ნაბიჯი დარჩა და იმედია, მოგვანიჭებენ. ეს იმ გარემოებიდან არის განპიროვნებული, რომელიც შეიქმნა ამ მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში.
მე მგონი, ნებისმიერი მცდელობა არჩევნებამდე ამ 9 რეკომენდაციის შესრულების იქნება ძალიან კომიკური, რადგან პარლამენტში, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, სუს-ის უფროს ხელი რომ ჩამოართვან ან გაუღიმონ რიგში დგებიან და ამ პარლამენტარებს, რომ დაავალო სუს-ი გააკონტროლონ, მე მგონი, უბრალოდ ძალიან სასაცილო იქნება. ჩემი აზრით, მთელი ეს პუნქტები შინაარსობრივად ეხება ოპოზიციას, რომელიც უნდა წარმოიდგინოს, როგორ გააკონტროლებს სუს-ს, ეროვნულ ბანკს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ა.შ. თუ არჩევნები ნორმალურად ჩატარდება და მმართველი გუნდი შეიცვლება, თორემ ამ მმართველი გუნდის პირობებში უბრალოდ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ის რაც იქ, 9 პუნქტში წერია, შესრულებული იყოს“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.

