ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი ახმატი, ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებში რესპუბლიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მას 18 წელი 8 ნოემბერს შეუსრულდა. შვილის თანამდებობაზე დანიშვნის ინფორმაცია კადიროვმა ტელეგრამზე გაავრცელა.
ეს თანამდებობა ხუსეინ აბდულკარიმოვს ეკავა, თუმცა, როგორც ოფიციალური განკარგულებებიდან ირკვევა, 8 ნოემბრიდან იგი ჩამოაქვეითეს.
ახმატ კადიროვი კი მინისტრობამდე ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თანაშემწედ და კრემლის მომხრე ახალგაზრდობის „მოძრაობა პირველთა“ რეგიონული განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.
საერთო ჯამში, ჩეჩნეთში სხვადასხვა დონეზე სამთავრობო თანამდებობებს კადიროვის ოჯახის 100-მდე ნათესავი იკავებს. 2018 წელს BBC-ის რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჩეჩნეთის 158 თანამდებობის პირიდან, დაახლოებით 47 კადიროვთან იყო დაკავშირებული.

