ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვინც დეპუტატებისთვის ხელფასის მომატების წინააღმდეგ გაილაშქრებს, თუ შემდეგ პარლამენტში მოხვდებიან, მომატებულ ხელფასზე უარი თქვან“ – ზარქუა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე შემდეგი მოწვევის დეპუტატებისთვის ხელფასების მომატების საკითხი განიხილეს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

„ჩვენ რომ გვყავს პარლამენტში და პარლამენტს მიღმა მავნებლები და ხელმოცარულები, მათთვის შემოთავაზება მაქვს… 2011-2012 წელს, მათი მმართველობის დროს, მათ ფიქსირებული ხელფასი ჰქონდათ და კიდევ ემატებოდათ პრემია-დანამატები. დეპუტატებისთვის ხელფასების მომატება არ ეხება ჩვენს ახლანდელ, მე-10 მოწვევის პარლამენტს. ეს ეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ვინც გაიმარჯვებს, რომელი პარტიებიც შევლენ პარლამენტში მათ, მათ ხელფასზეა საუბარი. მე მაქვს ხელმოცარულებისთვის შემოთავაზება, რომლებიც ახლა ცდილობენ, რომ ეს თემა გაიტანონ ინტერპრეტაციებით, ვიწროპარტიული ინტერესები მოარგონ და ქულები დაიწერონ. არ აქვს მნიშვნელობა, ვიქნები თუ არა მომავალ პარლამენტში. სადაც არ უნდა ვიყო… ყველას მოვუწოდებ, ვინც ოპოზიციიდან ამის წინააღმდეგ გაილაშქრებს, შემდეგ პარლამენტში თუ მოხვდებიან, დაწერონ განცხადება და მომატებულ ხელფასზე უარი თქვან. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ამაზე ქულები დაიწერონ. ჩვენ გავიარეთ ეს ეტაპი – „ხელფასს არ ავიღებთ“, „არ შემოვალთ“, შემდეგ რომ გვთხოვდა განცხადებას და სასამართლოში რომ გვიჩიოდა, მაგალითად, შალიკო „ჩემი ხელფასი დამიბრუნეთო“… მანამდე ამბობდა, ყეყეჩობდა, არ მინდა მაგათი ხელფასიო. ასეთი ორპირი, ორმაგი სტანდარტის პოლიტიკოსებით სავსეა, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია. ყველას არ ვეხები, უმრავლესობა“, – განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, 2025 წლის 1 იანვრიდან, ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს, სავარაუდოდ, ხელფასი გაეზრდებათ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თუკი ცვლილება მიღებული იქნება, პარლამენტის წევრების ანაზღაურება, რომელიც ახლა 4 000-დან 7 000-ლარის ფარგლებში მერყეობს, 8 000-დან 10 000 ლარამდე გაიზრდება.

იტვირთბა....