გუშინ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის კენჭისყრის დასრულების შემდეგ, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო.
ამასთან დაკავშირებით, დღეს „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ხვიჩიამ განაცხადა, რომ მედია პარლამენტში „დაბოდიალობს“, სხვა „პრიორიტეტები აქვს„ და ვერ ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ მედიის თავისუფლებას ზღუდავს.
მედიასთან მიმართებით ამ ტერმინების გამო, ხვიჩიას კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი დაუპირისპირება.
“ნუ გადახვალთ შეურაცხყოფაზე ვისაც არ უნდა ეხებოდეს. არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, ასე გააგრძელოთ. მით უფრო, რომ კომიტეტის წევრი საერთოდ არ ბრძანდებით. ძალიან გთხოვთ, ბოდიში მოიხადეთ”- მიმართა სონღულაშვილმა “გირჩის” დეპუტატს.
“მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია… ნორმალურები თუ ხართ კაცო. თქვენ ვინ ხართ რომ მე ბოდიშს მახდევინებთ?! “ვაბშე” ვინ ხარ, ვის ვაყენებ შეურაცხყოფას, ადამიანი მითხარი, რომელიც აქ ზის?! იდიოტიზმია თავისი შინაარსით, რომ თქვენ რომელიც ზღუდავთ მედიის თავისუფლებას ახლა, ვითომ გულშემატკივარი ხართ მედიის და მე ვებრძვი მათ. აი ამ იდიოტიზმს რომ მედია ვერ ხვდება, რომ თქვენ რასაც ახლა აქ აკეთებთ სინამდვილეში ვითომ კეთილშობილური სიტყვებით, ვითომ რაღაც რეკომენდაციით, ვითომ რაღაც სისულელით და ვერცერთი მედიის წარმომადგენელი ამას ვერ ხვდება, რომ ხვალ გაუთიშავენ მაუწყებლობას რომ რაღაც სიტყვა არ მოეწონათ. იდიოტები ხართ ამას რომ ვერ ხვდებით ქართულო მედია” – უპასუხა ხვიჩიამ კომიტეტზე და დარბაზი დატოვა.

