ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებმა მაკა ასათიანმა და გია გაჩეჩილაძემ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, ისინი 5 საკითხზე შეთანხმდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით:
– ტელეკომპანიას უნდა დაუბრუნდეს ლოგო და სახელი
– მხარეებმა უნდა შეწყვიტონ საჯარო განცხადებების გაკეთება მოლაპარაკების დასრულებამდე
– მოლაპარაკების პერიოდში უნდა დაიწყოს კონსულტაცია ტოპ მენეჯმენტის ერთობლივად ფორმირებაზე
– უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფა
– მოლაპარაკების პერიოდში დროებით ადმინისტრატორებად დაინიშნოს ორივე მხარის წარმომადგენელი, ყოფილი ფინანსური დირექტორი- თემურ გაჩეჩილაძე და გია გაჩეჩილაძის ფინანსური კონსულტანტი – ზვიად ზუბიაშვილი
„იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული მოლაპარაკება ჩიხში არ შევა და ყველა მხარე გამოიჩენს სურვილს და კეთილგონიერებას იმასთან დაკავშირებით, რომ დავას არ გადაჰყვეს ტელევიზია და რაც მთავარია თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ უწვეტ მაუწყებლობას“, – აღნიშნულია წერილში.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძებლებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც გია გაჩეჩილაძე შ.პ.ს “სტუდია მაესტროს” 55%-იანი წილის მფლობელი გახდა.