“თქვენ ლიბერალიზმს ეროვნულ საფრთხედ აცხადებთ და მე მაინტერესებს, ლიბერალიზმი უფრო დიდ საფრთხედ მიგაჩნიათ თუ პუტინიზმი?” – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ თავდაცვის მინისტრს.
“პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი უკრაინაში ომს ნატო-ს აბრალებს, ბუნებრივია, მაინტერესებს თავდაცვის მინისტრის პოზიცია, ეთანხმებით თუ არა მას, იზიარებთ თუ არა ღარიბაშვილის პოზიციას და ძალიან გთხოვთ პასუხი იყოს – კი თუ არა.
თქვენ ლიბერალიზმს ეროვნულ საფრთხედ აცხადებთ და მე მაინტერესებს, ლიბერალიზმი უფრო დიდ საფრთხედ მიგაჩნიათ თუ პუტინიზმი? თქვენ დღეს პატივისცემა გამოხატეთ ქართველი სამხედროების მიმართ, მაგრამ არც ერთი სიტყვა თქვენგან არ მახსოვს, როცა „ოცნების“ რეგიონულმა ლიდერმა 2008 წელს პუტინის თავდასხმას საქართველოზე ლაჩრულად წაგებული ომი უწოდა. მე მაინტერესებს იზიარებთ თუ არა ამ სამარცხვინო განცხადებას “ოცნების” ლიდერისგან, კი თუ არა? აქ ბევრმა კოლეგამ ისაუბრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანების პენსიაზე, რომელიც არის 100 ლარი, რაც ასევე სამარცხვინოა, როცა 11 წელია იმყოფებით ხელისუფლებაში და ამაზე მეტი ვერ მოახერხეთ ადამიანებისთვის, ვინც იცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ტერიტორიულ მთლიანობას. იმ ტოტალური კორუფციის პირობებში, რაც გამეფებულია ამ ხელისუფლების პირობებში, მათ შორის, მოხსენიებული იყო თქვენი პირადი ქონება, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს საკმარისია ამ ადამიანებისთვის?
სტოლტენბერგის მოადგილემ, კოპენჰაგენში, წინა კვირას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის და ნატოსთვის ერთი და იგივე მოთხოვნებია დემოკრატიის ნაწილში და აცნობიერებთ თუ არა, რომ რუსული ოცნების მხრიდან კანდიდატის საბოტაჟირების მიზნით რეკომენდაციების არშესრულება ასევე აფერხებს საქართველოს გაწევრიანების პროცესს ნატოში“- განაცხადა ბოკუჩავამ.

