საქველმოქმედო ორგანიზაციამ „ააიპ ფონდი ახალი სიცოცხლე“, სოციალურად დაუცველთა დახმარების მიზნით, „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიმართა.
დახმარების კამპანიის საუკეთესოდ დაგეგმვისათვის, „ახალმა სიცოცხლემ“ ზემოაღნიშნული სააგენტოსგან სოციალურად დაუცველი ადამიანების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.
მოთხოვნაზე სააგენტოს პასუხი ასეთი იყო: „გთხოვთ, შეტყობინებას მისცეთ განცხადების ფორმა, რომელიც დამოწმებული იქნება ხელმოწერით. თუ სკანერი არ არის ხელმისაწვდომი, განცხადება შეგიძლიათ დაწეროთ თაბახის ფურცელზე გამოგზავნილი ფორმის მიხედვით. დაამოწმოთ ხელმოწერით , სურათი გადაუღოთ და ის ატვირთოთ. თქვენს განცხადებას განიხილავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“
ამის შემდეგ ფონდმა უწყებას შესაბამისი ფორმით მიმართა.
სააგენტომ გამოთხოვილ მონაცემთა მიწოდების ვადად 30 კალენდარული დღე დაასახელა.
ამასთან, არ არსებობს სოციალურად დაუცველ პირთა ელექტრონული ბაზა და არც მათ მონაცემთა მიღებისათვის რამე ტიპის დაჩქარების მექანიზმი.
ამდენად, კერძო ფონდის მიერ სოციალურად დაუცველთა დახმარება, ბიუროკრატიული პროცედურების გამო, ყოვნდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით, „მეტრონომი“ ესაუბრა ჯანდაცვის სამინისტროს, რომელსაც ექვემდებარება სოციალური მომსახურების სააგენტო.
სამინისტრომ გვითხრა, რომ სოციალურად დაუცველ პირთა შესახებ მონაცემთა მიწოდების ვადას (30 დღეს) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს.
რაც შეეხება სოციალურად დაუცველ პირთა ელექტრონული ბაზის არარსებობას, უწყების განცხადებით, სააგენტო ექვემდებარება საქართველოს კანონს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
ამდენად, შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე, პირადი მონაცემების გასაჯაროვება აკრძალულია.