“12 წლის ანის საქმეზე სამხარაულის ექსპერტს ბრალი წარუდგინეს” – ამის შესახებ ინფორმაციას “უფლებები საქართველო” ავრცელებს.
“არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისათვის რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. “უფლებები საქართველოს” ადვოკატები და ბავშვის დედა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ბრალდებულ ექსპერტს შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა, რათა თავიდან იქნას აცილებული, მათ შორის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების ან/და მტკიცებულების განადგურების საფრთხე.
“უფლებები საქართველოს” ადვოკატები ასევე მიიჩნევენ, რომ საქმეზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით (საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა), რასაც ორგანიზაცია თავიდანვე ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ 12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში საკვანძო მტკიცებულებების დაზიანების შესახებ “უფლებები საქართველომ” საზოგადოებას 2023 წლის 5 ივლისს აცნობა. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება” – ნათქვამია განცხადებაში.

