„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„პრეზიდენტი ჰქვია ყველაფერს რომ თავი დაანებო და სირცხვილია და რაღაც ასეთი ტერმინები გამოიყენა. ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია და იმაზე არაფერს არ ვამბობ, რომ პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ, რაც გუშინ გააკეთა. ეს იყო ჩვეულებრივი უზრდელობა. პრეზიდენტი 70 წლის ქალი და უზრდელობს. თვითონ უნდა მოისაწყლოს თავი, მარტო დაჯდეს დარბაზში და “ნაცმოძრაობა” უნდა გავიდეს გარეთ იმისათვის, რომ საწყალი სალომეს სურათი ერთად დადგან. აქ ხომ ჩანს რამდენად ძლიერია კოორდინაცია და მთლიანად კოლექტიურ “ნაცმოძრაობას შორის“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, იმპიჩმენტის საქმე პარლამენტს გადმოეცემა.
გუშინდელ ჩართვაში ზურაბიშვილმა თქვა, რომ აღნიშნული საქმს განხილვაზე ის აპირებს საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და პატარა ბიჭების [„ქართული ოცნების“ წევრების] წინაშე წარდგომას. კობახიძემ სწორედ ამ რეპლიკას უპასუხა.

