“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალური მმართველიც კი რამდენიმე ჰყავთ, ხაბეიშვილი ცუდ დღეშია, ერთი ფეხი „ვივამედში“ აქვს, მეორე კი კვიპროსში – აღნიშნულის შესახებ მოძრაობა “ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ნაცმოძრაობა“, პრაქტიკულად, იმდენ ნაწილად არის დაშლილი, რომ შეიძლება, ვეღარ ჩამოვთვალოთ. მელია ცალკეა, ხაბეიშვილი ცალკე, გვარამიაც ცალკეა, სააკაშვილიც და ასე შემდეგ. არაფორმალური მმართველობა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღიარეს, ასევე მრავალმხრივი აქვთ. არაფორმალური მმართველიც კი რამდენიმე ჰყავთ. ხაბეიშვილი ცუდ დღეშია, ერთი ფეხი „ვივამედში“ აქვს, მეორე კი კვიპროსში და აქ რით იაროს, აღარც იცის. არ არის გამორიცხული, მხოლოდ ამ მიზეზის გამო გადააყენონ, რადგან არაფორმალურ მმართველობაშიც ვერ ივარგა. ფორმალური მმართველი არასდროს ყოფილა და არავის უღიარებია, მაგრამ არაფორმალური მმართველობის დროსაც აჯაფსანდალი შექმნა პარტიაში. ახლა მთავარია, საზოგადოება ჩამოყალიბდეს იმაზე, რომ 2024 წელს ჯანსაღ პარტიებზე გადანაწილდეს ის ელექტორატი, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰყავდა.
რაც შეეხება გვარამიას, პირადად მე მივესალმები ამ პიროვნების ფორმალურ თავმჯდომარედ შეცვლას. ქართული საზოგადოება გვარამიას კარგად იცნობს. ეს არის ანტიქართული მოვლენა. ყველაფერს ქართულს აგინებს, ტრადიციებს, ღვინოში რას აკეთებს, ეს ყველამ კარგად ვიცით, არაფერი ქართული მას არ მოსწონს. თუნდაც ფორმალური მმართველი თუ გახდება, ეს უკვე ღია დაპირისპირება იქნება „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთანაც. „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლებშიც ვიცნობ ბევრს, ვინც პატივს სცემს ქართულ ტრადიციებს და ზოგადად, ქართულს. თუ გვარამია გახდება თუნდაც ფორმალური მმართველი, ეს საბოლოოდ, ბოლო ლურსმანს დააჭედებს იმ პოლიტიკურ კუბოს ფიცარზე, რომელიც ისედაც გამზადებულია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.