“ისრაელის სახელმწიფო ამ ომს მოიგებს” – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტიმ, პალესტინური დაჯგუფების, “ჰამასის” მიერ თავდასხმისა და ისრაელის ტერიტორიაზე სამხედროების შესვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შაბათ დილით “ჰამასმა” უდიდესი შეცდომა დაუშვა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი დაიწყო.
“დღეს დილით ჰამასმა უდიდესი შეცდომა დაუშვა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალები მტრის წინააღმდეგ ყოველ ტერიტორიაზე იბრძვიან. ისრაელის ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, უსაფრთხოების ინსტრუქციებს მიჰყვნენ. ისრაელის სახელმწიფო ამ ომს მოიგებს”, – განაცხადა გალანტმა.
ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. მისმა მეთაურმა თავდასხმას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობა” გამოაცხადეს.