“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას ასე პასუხობს:
“ეს არის მისი პერსონალური გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია ყველამ ერთად გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციების გამო, პირადი წყენების გამო არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ ვსაუბრობთ აბსოლუტურად ყველასთან იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მაქსიმალური ერთობა. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს “გამარჯვების პლატფორმა” და ამ პლატფორმაზე, ცხადია, ღიაა ნებისმიერი ადამიანის კარი, ვისაც სურს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა. არავის დახურულ კარს მიღმა არ ვხვდები. საჯაროდ, გვაქვს ეს კონკრეტული შეთავაზებები და ყველამ კარგად უნდა გაიგოს – ნაციონალურ მოძრაობაში განსაკუთრებით, დახურულ კარს მიღმა რამდენიმე ადამიანი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს”, – ამბობს ხაბეიშვილი.
მელიას განცხადებას და მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე და “გამარჯვების პლატფორმის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
“არც მსმენია ამ შეხვედრის შესახებ, თქვენგან გავიგე პირველად… ნაკლებად ვინტერესდები, პირდაპირ გეტყვით, ამ საკითხებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გამარჯვების კოალიცია, სადაც ძალიან ბევრ ახალ ადამიანს ნახავთ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად. “სტრატეგია აღმაშენებელი” არის გაერთიანებული ამ კოალიციაში და ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროკავშირი მოვიტანოთ საქართველოსთვის, ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამ ბრძოლაში ვინც თავის თავს ხედავს და ჩაერთვება, კარი ყველასთვის ღიაა. კარი ჩვენ არავისთვის არ დაგვიხურავს არასდროს. მე ვფიქრობ, ყველა მედასავლეთე ადამიანისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება არის მნიშვნელოვანი”, – ამბობს ვაშაძე.