ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტა გამყარების ტენდენციით გამოირჩევა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 2.31. თებერვალში ლარი 2 თეთრით გამყარდა, მარტიდან კი სწრაფი გამყარება დაიწყო და 15 მარტს ოფიციალურმა კურსმა 2.36 შეადგინა. ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე კი კურსი დღეის მონაცემებით როგორც აღვნიშნე 2.31-მდე შემცირდა.
ეკონომიკური ექსპერტები ვალუტის გამყარების სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობამ ბიუჯეტის დეფუციტური ხარჯვა შეამცირა და სწორედ ამან იქონია ყველაზე დიდი გავლენა ეროვნული ვალუტის დასტაბილურების საკითხში.
ამასთანავე, გოცირიძე ლარის გამყარების 8 მიზეზსაც ასახელებს.
“ლარი მკვეთრად გამყარდა. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ იგი ერთი თვის წინ მკვეთრად არ უნდა დაცემულიყო (2,39-დან 2,50-მდე). ის ფაქტორი, რამაც მისი გაუფასურება გამოიწვია, ნაწილობრივ მოხსნილია. ეს იყო მთავრობის მიერ ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებაში წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტა ე.წ. დეფიციტური ხარჯვით, რასაც ძველი ნაშთებიდან ბიუჯეტის დაფინანსება ჰქვია. წინა თვის ბოლოს მან 264,8 მილიონ ლარს მიაღწია.
რა მიზეზებმა გაამყარა ლარი:
1. დეფიციტური ხარჯვის შემცირება
2. ბიუჯეტიდან მიმდინარე თვის პირველ ნახევარში ხარჯვის ფაქტობრივი გაჩერება( გაიცა მხოლოდ პენსიები და აუცილებელი თანხები)
3. იანვართან შედარებით ექსპორტის გარკვეული გამოცოცხლება( იანვარში ექსპორტმა იკლო 22 პროცენტით, თებერვალში 11-ით)
4. უცხოეთიდან გადმორიცხვების ზრდა(იანვარში 66,5 მილიონი დოლარი, თებერვალში 79,9. თანაც ტრანსფერტების კლების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა. იანვარში იკლო წინა წლის შესაბამის პერიოდთთა შედარებით 11, 8 პროცენტით, თებერვალში მხოლოდ 2,6-ით)
5. ტურისტების რაოდენობა გაიზარდა
6. და ყველაზე მთავარი, დღევანდელი მკვეთრი გამყარების მიზეზი: დღეს დღგ-ს გადასხდის გადახდის ბოლო დღეა და მასობრივად ხდება დოლარების გაყიდავა ვალდებულებების დასაფარავად. მარტში ხდება წლიური მოგების გადასახსდების მეოთხედის გადახდაც და საწარმოები ცდილობენ ახლავე იყიდონ ლარები, გამომდინარე დოლარის გაუფასურების ფაქტიდან.
7. გარკვეულ როლს აჟიოტაჟიც თამაშობს. ზოგი იცილებს დოლარს შემდეგი გაუფასურების შიშით.
8. და ბოლოს, დათბა. ნაკლები ვალუტა გადის გაზისა და სხვა “საზამთრო” საქონლის შესაძენად.
ეს ვითარება არ არის სტაბილური. ყველაფერი შეიძლება მომენტალურად შემობრუნდეს, ყველაფერი მთავრობის ხელშია. შეკვეცავს ბიუჯეტს 500-600 მილიონი ლარით, ნაკლები ზეწოლა იქნება, არ შეკვეცავს, მაშინ შემოდგომაც მოვა”, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
გამყარების გარდა, გუშინ 17 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სავალუტო აუქციონზე სებ-მა 5 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2. 3230 შეადგინა. ბოლოს სებ-მა სავალუტო აუქციონზე აშშ დოლარი 2014 წლის აგვისტოში შეისყიდა.
“ფორბსის” ქართული გამოცემის მიხედვით, სების მხრიდან დოლარის შესყიდვის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
პირველი-როდესაც სავალუტო ბაზარზე საქმე გვაქვს ე.წ. „გადაცილებასთან“ (overshooting). ეს ის მომენტია, როდესაც ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება ან გამყარება მნიშვნელოვანწილად აჟიოტაჟის გამო ხდება და რეალურად, ვალუტის კურსის სწრაფად და მნიშვნელოვნად ცვლილების წმინდა ეკონომიკური მიზეზები არ არსებობს.
და მეორე, ვალუტის კურსის რყევის მაღალი სიდიდე აზარალებს ბიზნეს გარემოს გაურკვევლობის ზრდის გამო და უმჯობესია, ვალუტის კურსის გამყარება თანდათანობით ხდებოდეს, ყიდვა-გაყიდვის ფასს შორის კი რამოდენიმე თეთრის სხვაობა არ იყოს.
ეკონომიკური ანალიტიკოსი ლევან კალანდაძე უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ სრულიად შესაძლებელია ლარი ისე დასტაბილურდეს, რომ 2.2 ნიშნულამდეც დავიდეს.
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარე ფაქტორები, რომელიც ლართან მიმართებაში ყოველთვის პრობლემური იყო, ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ეკონომიკა იმპორტზე ორინეტირებულია, საგარეო ფაქტორის, როგორც რისკფაქტორის მოხსნამ, ლარის კურსზე დადებითად იმოქმედა. ხარჯვითი პოლიტიკის თანმიმდევრულობა ლართან მიმართებაში ერთ-ერთ მასტაბილიზებელ ფაქტორს წარმოადგენს. 2016 წელს გასულ წლებთან შედარებით, შიდა ვალის კომპონენტი შემცირებულია და იმის გათვალისწინებით, რომ რეფინანსირების სესხები ეროვნულ ბანკს ამ თვალსაზრისით შემცირებული აქვს, მონეტარული ინსტრუმენტები და მონეტარული პოლიტიკა ლარის კურსზე ნეგატიურად უკვე აღარ მოქმედებს. ტენდენცია არის დადებითი, პოზიტიური და უახლოეს თვეებთან დაკავშირებით მოლოდინები არის ოპტიმისტური. ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ, ერთი მხრივ, ფინანსური ნაკადები, ანუ საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე თემები მეტ-ნაკლებად სტაბილურად შენარჩუნდა, გაგრძელდა ტურისტული ნაკადების შემოდინება და ხელისუფლებამ პროექტების სწრაფ ტემპში განხორციელება უზრუნველყო, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ არა მხოლოდ სტაბილური ლარი, არამედ მიმდინარე წელს შეიძლება გაჩნდეს გარკვეული მოლოდინები და დოლართან მიმართებაში ლარის კურსმა დაიწიოს კიდეც. სრულიად შესაძლებელია ჩვენ ვივარაუდოთ, რომ სწორი პოლიტიკის და გარე ფაქტორების დახმარებით 1 დოლარის ღირებულება 2.2 ლარამდეც კი დაკორექტირდეს, ეს თეორიულად სავსებით შესაძლებელია. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ამ პროგნოზის გაკეთება დღეს უკვე შემიძლია.” – აცხადებს კალანდაძე.
“მეტრონომთან” საუბარში ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი აცხადებს, რომ ლარის გამყარების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი დოლარის გაუფასურებაა სხვა ვალუტების მიმართ. ხორგუაშვილი დადებითი მოლოდინის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანებს ურჩევიათ დოლარი მზარდი ტენდენციის მქონე ლარში გადაცვალონ.
“ლარის გამყარების რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი არის ის, რომ დოლარი უფასურდება სხვა ვალუტებთან მიმართებით, საკმაოდ სწრაფი ტემპითაც. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, სავაჭრო ტენდენციების შედარებით უკეთესი მდგომარეობა, შარშანდელთან შედარებით. წინა წელთან შედარებით გაზრდილია ექსპორტიც. სამწუხაროდ, კვლავ შემცირებაა გადმორიცხვებში მაგალითად, რუსეთიდან, მაგრამ წინა წელს თუ შევადარებთ მეტი დოლარია გადმორიცხული. ლარის გამყარებაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს მოლოდინებს. ეს მოლოდინი შექმნა ლარის უეცარმა გამყარებამ. დადებითი ფაქტორია პრემიერის განცხადება, რომ მოგების გადასახადი გაუქმდებოდა. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ ფულის მასა არის საკმაოდ შემცირებული ქვეყანაში, ანუ ვგულისხმობ ეროვნული ბანკის ქმედებას, როდესაც ფულის მასა იმდენად შემცირდა, რომ ამან გავლენა იქონია ლარის გამყარებაზე. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ დიდი ალბათობით გადაიარა იმ ცუდმა ტენდენციამ, როდესაც 2.5-მდე რომ დავიდა ლარი, ეს გარკვეულწილად მოლოდინების ბრალი იყო. ახლა ეს მოლოდინები პირიქით შეიცვალა და საკმაოდ ეხმარება ლარის კურსის გამყარებას”. – აცხადებს ხორგუაშვილი.
საქართველოს “რეფორმების ასოციაციის” ეკონომისტის ბესო ნამჩავიძის აზრით, დოლარის მიმართ ლარის ბოლოდროინდელ გამყარებაზე გავლენა პრემიერმინისტრის ცვლილებებმა და ბიზნესის მხრიდან ეკონომიკური პროცესებისადმი ნდობის ამაღლებამაც გამოიწვია.
“კვირიკაშვილის მოსვლის შემდეგ თავის განცხადებებში [ბიზნესმენები] არც მალავენ, რომ უფრო პოზიტიურად არიან განწყობილი. იმავე მოგების გადასახადის გაუქმების და ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების დაპირებით და ა.შ. მათაც ალბათ უფრო თამამად ამოიღეს გადანახული დოლარები და ხარჯვა დაიწყეს. მე გამიჭირდება იმის თქმა, 18-თეთრიან გამყარებაში რომელი ფაქტორის წილი რამდენია. თეთრების მიხედვით ამის ჩამოყალიბება გამიჭირდება. ეს შეუძლებელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ აჟიოტაჟური ქცევის წილი ძალიან დიდია. ანუ ახლა პირიქითაა შიში იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად არ გამყარდეს ლარი და ჩემი დოლარები არ გაუფასურდეს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, სწორი იყო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკებისგან დღეს 5 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა და ლარი გამოუშვა ბაზარზე. მან ეს პანიკა ცოტათი შეარბილა. თორემ ჩვენ კიდევ უფრო სწრაფად გამყარებულ ლარის კურსს მივიღებდით, რის უკანაც საკმარისი ეკონომიკური ფაქტორები არ იქნებოდა, ჩაივლიდა აჟიოტაჟი და ლარი ისევ სწრაფად დაიწყებდა გაუფასურებას. ეროვნული ბანკი სწორედ ამ როლს ასრულებს: ისეთი ტემპით არ უნდა მოხდეს ვალუტის კურსის გამყარება/გაუფასურება, რომ ის საბაზრო პროცესებსა და ეკონომიკურ პროცესებს თავიდან ბოლომდე აცდეს”. – აცხადებს ნამჩავაძე.
საქართველოს ეროვნულ ბანკს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. კობა გვენეტაძე გუშინ დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე. გვენეტაძის წინამორბედი გიორგი ქადაგიძე მმართველი ძალის მხრიდან ნდობით არ სარგებლობდა, მეტიც, კოალიციის ნაწილი ლარის გაუფასურებაში სწორედ ქადაგიძეს სდებდა ბრალს.
ლარის სტაბილური გამყარება ჯანსაღი ეკონომიკური პროცესის ნაწილია, თუ მთავრობა ცდილობს ხელოვნურად, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ლარის ხელუვნურად გამყარებას.
„მეტრონომმა“ აღნიშნული კითხვით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ მიხეილ მაჭავარიანს მიმართა.
„ხელისუფლება ამბობდა, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი დოლარის გამყარება იყო მათ შორის სხვა ვალუტებთან მიმართებითაც. დოლარი ახლაც მყარდება, ალბათ მიაქციეთ ყურადღება. აღმოჩნდა, რომ ეს არგუმენტი არ იყო. ლარის გამყარება გამოიწვია იმან, რომ შედარებით გაიზარდა ექსპორტი. მთავრობამ აღარ აწარმოა ხარჯვითი პოლიტიკა და იანვარში 60 მილიონი დოლარი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გაყიდა, ფაქტობრივად, ის ბალანსი აღადგინა, რომელიც ამ დეფიციტის გამო იყო წარმოქმნილი. რომ გითხრათ, რომ ეს შეუქცევადი პროცესია და გასაღები მოძებნილია – მოგატყუებთ. აღსანიშნავია, რომ გამყარების პროცესი ჯერ კიდევ ეროვნული ბანკის ძველი საბჭოს დროს დაიწყო, ისევ იგივე ადამიანები იღებდნენ გადაწყვეტილებას, რომლებიც ქადაგიძის დროს მუშაობდნენ“. – აცხადებს მაჭავარიანი.
რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს ლარის გამყარების საკითხში, მაჭავარიანი გამორიცხავს ასეთ პროცესს.
„არა. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური პროცესი, ისევე როგორც ის არ იყო ხელოვნური პროცესი, რადგან იქ იყო უფრო პანიკა. არ იყო მკაფიო მექანიზმები მთავრობა რას აკეთებდა, რათა ლარი არ გაქცეულიყო. მთავრობას შარშან წლის ბოლო 200 მილიონი რომ არ დაეხარჯა ნოემბერ-დეკემბერში, მაშინ არ იქნებოდა ასეთი დიდი მოთხოვნილება დოლარზე. დოლარზე მოთხოვნილება გაჩნდა იმიტომ, რომ იყო დეფიციტური ხარჯვა“. – ამბობს მაჭავარიანი.
მარიამ ვარადაშვილი