საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.
ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
გუშინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
სებ-ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით „ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა ეს ფარცხალაძისთვის არ კეთდება, მათი სისტემისთვის და ივანიშვილისთვის გამოსცა სებ-მა ეს სამარცხვინო ბრძანება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციასთან.
ოცნებისთვისაც კი ნამეტანია ეს კატასტროფა რაც იკადრეს, პირდაპირ ჩვენი ეკონომიკა დააყენეს დარტყმის ქვეშ“, – წერს ის.