„მუხლი შეიცვლება, ყველა დამნაშავე კანონით დაისჯება! გამოძიება, რაც შეუძლია, მუშაობს, პროკურატურა, როგორც სჩვევია, ბუქსაობს! ადვოკატი სამუშია გულიანად აწვება, მასთან ერთად ჩვენს წინაშე ვერაფერი დადგება!“ – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ალექსი პეტრიაშვილი მასზე თავდასხმის საქმეში გამოძიებამ დაზარალებულად ცნო. როგორც მისმა ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, დაცვის მხარე ახლა საქმის მასალების გადაცემას ელოდება.
„როგორც იცით, მუხლის გადაკვალიფიცირებას მოვითხოვთ, მაგრამ ამაზე უფრო მართებული იქნება კომენტარის გაკეთება საქმის გაცნობის შემდეგ. პროკურატურამ ბატონი ალექსი დაზარალებულად ცნო და როგორც დაგვპირდნენ, ხვალ გადმოგვცემენ საქმის მასალებს”, – განაცხადა სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს საბურთალოს „ძმათა სასაფლაოზე“ დაჭრეს. მას ჭრილობები როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ბლაგვი საგნით, ორმა პირმა მიაყენა. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა. საქმეზე გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო, რის გადაკვალიფიცირებას დაცვის მხარე მკვლეოობის მცდელობის მუხლით ითხოვს.
ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. ლევან მექვაბრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.