ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულების, ნიკოლოზ ხაჭაპურიძისა და ინგა ჩატოიანის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ერთმანეთს ამავე საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე და ინგა ჩატოიანი დაუპირისპირდნენ.
ინციდენტს თან ახლდა როგორც სიტყვიერი, ასევე მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.
ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლის განაცხადებით, ინგა ჩატოიანი პროკურატურის ცრუ მოწმეა, რომლის ცრუ ჩვენებების საფუძველზეც მისი მეუღლე დააკავეს.
საუბარია რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებულ პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კადრების გამავრცელებლები სხვა პირების, მათ შორის ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალის გავრცელებით იმუქრებოდნენ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე სულ 5 პირია ბრალდებული, აქედან ორს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

