სუს-ის განცხადება არ არის თემების გადაფარვა, ესაა პრევენცია – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
“ეს არ არის არც ერთი თემის გადაფარვა, ესაა პრევენცია იმის, რისი გამოყენების მცდელობაც მათ არსენალში ხშირად ყოფილა. უსაფრთხოების სამსახურს რომ წინასწარ გაეკეთებინა განცხადება, რომ სააკაშვილი კონტეინერით შემოპარებას აპირებდა, ხომ იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან მასხრად აგდების მთელი სერია, მაგრამ ფაქტია, ეს შედგა. უსაფრთხოების სამსახურმა და სამართალდამცავებმა გამოიძიეს ისიც, რომ ესკალაციის მიზნით, მაგალითად, თარგამაძეს აფეთქებდნენ, კაცი ჩამოვიდა უკრაინიდან, ააფეთქა თარგამაძის მანქანა და ისევ უკრაინაში წავიდა და ძებნაზეა დღესაც დაყენებული. რამდენი ასეთი სცენარია, რაც ჩაუვარდათ ან რისი პრევენციაც მოხდა? დღესაც ასეა საქმე, რადგან ვხედავთ ორკესტრირებულ, პოლიტიკური ფონის მომზადებას. აქ უნდა იძახონ „რუსული ოცნება“ და ამით ე.წ. რევოლუციური სისხლიანი ქმედებები გაამართლონ. ხომ ვხედავთ, უკრაინაში, ასევე ზოგიერთი ევროპარლამენტარი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არავითარი პერსპექტივა არ აქვს. ყველაფერი ხელის გულზე ჩანს. საქართველოს სულ სხვა დღის წესრიგი აქვს, ის 4 კომპონენტიც დასასრულისკენ მიდის ფაქტობრივად. არ რჩება არავითარი წინაპირობა, რომ საქართველომ დამსახურებულად არ მიიღოს სტატუსი,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.