შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული თინათინ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით გორში დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს აქვეყნებს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქალაქ გორში ნაცნობ ახალგაზრდა მამაკაცს, მისივე საცხოვრებელ ბინაში, ყავაში საძილე აბები ჩაუყარა, რის შემდეგაც ბინაში ბენზინი მოასხა, ხანძარი განზრახ გააჩინა, კარი ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძინარე მამაკაცი, სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. სამართალდამცველებმა ქალაქ გორში გვიან ღამით შენიშნეს ახალგაზრდა ქალი, რომლის ქცევაც ეჭვს იწვევდა. მან პოლიციელების დანახვისთანავე მიმალვა სცადა. სამართალდამცველებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ, გოგონას ზედაპირული დათვალიერების შედეგად, მისი ერთ-ერთი ჯიბიდან ბინის გასაღები და მობილური ტელეფონი ამოიღო, რომლებიც, როგორც შემდეგ დადგინდა, გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნოდა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა გორში სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის შესახებ. კვალის დაფარვის მიზნით ბოროტმოქმედმა ხანძარი გააჩინა. სოციალურ საერთო საცხოვრებელში მეზობლების ყურადღება ბინიდან მომავალმა კვამლმა მიიქცია. მეხანძრე მაშველებმა კარის გატეხვა ვერ შეძლეს და ბინაში ფანჯრიდან გადავიდნენ. მათ იატაკზე დაღუპული ჯარისკაცის ნახევრად დამწვარი ცხედარი დახვდათ. მომხდარზე ახალგაზრდა ქალია დაკავებული, რომელიც გორის პოლიციაში საკუთრი ნებით გამოცხადდა. მან აღიარა დანაშაული.