ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინა-რუსეთის ფრონტზე მიმდინარე პროცესები – უჩა აბაშიძის ანალიტიკური ანალიზი

უკრაინა-რუსეთის ფრონტის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ ანალიტიკოს უჩა აბაშიძეს ესაუბრა.

აბაშიძემ დეტალურად განიხილა ფრონტზე მიმდინარე პროცესები და გაგვიზიარა რამდენიმე ვარიანტი, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

„სიტუაცია ასეთია – უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რაც წინა სამი თვე ხდებოდა, ეს არის რუსული ძალების დასუსტება.

უკრაინას 4 ივნისს, ერთ-ერთი სტრატეგიის მიხედვით, ჰქონდა შეტევის დაწყების მცდელობა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს სტრატეგია, რომელიც დიდი ძალებით შევარდნას გულისხმობდა, არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ველი დანაღმული იყო და თანაც, რუსული ავიაცია მუშაობდა.

ამის შემდეგ უკრაინამ სხვა სტრატეგიისთვის მზადება დაიწყო.

კონტრშეტევის დაწყებამდე უკრაინა ჰკარგავდა 5-ჯერ ნაკლებ ტანკს, ვიდრე რუსეთი, იმ დღეს კი, როცა დაიწყო კონტრშეტევა, პირველი 2 კვირის განმავლობაში, უკრაინა ჰკარგავდა იმავე რაოდენობის ტანკს, რასაც რუსეთი. მთელი ომის განმავლობაში, რუსეთი რეგულარულად ჰკარგავს კვირაში დაახლოებით 20-25 ტანკს (ვეყრდნობით ფოტოსურათებით დადასტურებულ ანალიტიკას, მაგალითად ორიქსს, რომელშიც რუსებიც მონაწილეობენ და უკრაინელებიც).

ამის შემდეგ უკრაინელებმა შეაჩერეს შეტევა და დღესდღეობით უკრაინელების დანაკარგები ისევ 5-ჯერ ნაკლებზე ჩამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად ისევ უკრაინა უტევს.

უკრაინა გადავიდა მცოცავ საბრძოლო მოქმედებებზე, როცა შეტევა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სანგრები, პრაქტიკულად, ბოლომდე განადგურებულია და დანაღმული ველებიც ან ბოლომდე განაღმულია, ანაც გადაბომბილია ისე, რომ თავისით გაინაღმა. ისინი მხოლოდ ამის შემდეგ იკავებენ ტერიტორიებს.

უკრაინელები აცხადებენ, რომ მათი მხრიდან მიმდინარეობს შეტევის უზრუნველყოფის პროცესი და შეტევა ისევ იქნება, როცა რუსული სანგრები და დანაღმული ველები მაქსიმალურად დასუსტდება. ამ დასუსტების პროცესში ჩვენ ვხედავთ რუსულ სტრატეგიულ დანაკარგებს: წყალქვეშა ნავს, სადესანტო გემს, აეროდრომის დაბომბვას და ა.შ. ამით უკრაინას რუსულ არმიაში არეულობა შეაქვს. მაგალითად, რუსულ ლოჯისტიკაში სერიოზული პრობლემებია. მთელი რუსული პატრიოტული ტელეგრამ-სფერო ამაზე ლაპარაკობს. ყველა ფრონტზე, მუდმივად, ლოკალური ჭურვების უკმარისობაა. ანუ, ალბათ, რუსეთს სადღაც აქვს ჭურვები, მაგრამ საჭირო ადგილას მიტანაში სადღაც ტყდება. ვიდრე რუსეთს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე სიმშვიდე ჰქონდათ, 6 თვე, საწყობების მომარაგება მოხერხდა, თუმცა ბოლო 3 თვის განმავლობაში, ბევრი მათგანი განადგურდა.

მოკლედ, მიმდინარე სიტუაცია ასეთია:

ან ნოემბრის ბოლომდე უკრაინას კიდევ ექნება კლასიკური შეტევის მცდელობა, ერთი მიმართულებით გადავიდეს შეტევაზე, გარისკოს – მოხერხდება თუ ვერ ველის განაღმვა ამჯერად და იქნება თუ არა რუსული ავიაცია მზადყოფნაში,

ან ამას არ იზამს და მაშინ იკვეთება ორი ვარიანტი, რომლებიც შეიძლება მოხდეს:

უკრაინა, შესაძლოა, შენელდეს, გაჩერდეს და ზამთარში გადავიდეს ომის სტაგნაციის ფაზაში, მერე კი რუსეთი გადაწყვიტავს, დაიწყებს თუ არა მობილიზაციას. თუ დაიწყებს, გაზაფხულზე რუსების შეტევას უნდა ველოდოთ, მაგრამ თუ უკრაინა გაჩერდება, შეიძლება რუსეთმა მობილიზაცია მაინც არ დაიწყოს, რადგან მარტში იქ არჩევნებია და ეს პოლიტიკურად წამგებიანი იქნება. ამ შემთხვევაში, უკრაინული ძალები ისევ დაიწყებს ძალების მოგროვებას და ომი გაგრძელდება მომავალი წლის აპრილიდან.

ასევე არის მეორე ვარიანტი, რომელზეც გუშინ უკრაინელ სამხედრო პირს ვესაუბრე. მისი ვერსიაა, რომ უკრაინის მხრიდან წნეხი არ მორჩება და გაგრძელდება მთელი ზამთარი.

შესაძლოა, უკრაინამ იცოცოს იანვრამდე და ყველაზე დიდი წნეხი სწორედ იანვარში დაიწყოს, როცა რუსებისთვის მობილიზაცია დაგვიანებული იქნება.

ყველაზე ეფექტური კი არის, რომ უკრაინამ ახლა დაღლილი რუსეთის წინააღმდეგ განახორციელოს მასირებული შეტევა და გავიდეს აზოვის ზღვის ნახევრამდე. ეს, ერთი მხრივ, გამოიწვევს რუსეთში მობილიზაციას, რაც დაასუსტებს პუტინს, მეორე მხრივ კი, გადაიკეტება მარიუპოლიდან მომარაგების გზა, რაც ასევე დიდი დარტყმა იქნება პუტინის ელიტაზე, მაგრამ ეს არის ყველაზე სარისკო ნაბიჯი. რამდენადაც შესაძლო მონაგარი დიდია, იმდენად რთულია ამის განხორციელება.

ამდენად, ანალიტიკოსებისთვის ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ უკრაინა გაჩერდება ნოემბრის ბოლოს, შეანელებს პროცესს.
თუმცა უკრაინელები აცხადებენ, რომ ასეთი მდორე, მცოცავი შეტევის წარმოება დიდხანს შეუძლიათ“, – განაცხადა უჩა აბაშიძემ „მეტრონომ“ ინტერვიუში.

იტვირთბა....