ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ფსიქოლოგებმა მუშაობა უკვე დაიწყეს – ჯანდაცვის სამინისტრო

შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ფსიქოლოგებმა მუშაობა უკვე დაიწყეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებულ პირებთან, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებთან, შესაბამისი, მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგიური სერვისის მიწოდება გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების მიერ ყველა დაზარალებულთან მოხდა დაკავშირება. ნაწილმა, პროგრამით სარგებლობის სურვილი გამოთქვა და მათთან სპეციალისტები უკვე მუშაობენ. გრძელდება კომუნიკაცია დაშავებულებთან და მათი სურვილის შესაბამისად მოხდება პროგრამაში ჩართვა.

შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებულ პირებთან, გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებთან, კომუნიკაცია პერმანენტულად გაგრძელდება და ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამის სამედიცინო სერვისს მიაწვდის.

სამინისტროს მიერ, შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას. აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში“ – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

წყარო – interpressnews.ge

იტვირთბა....