ბრიტანელი მომღერლის, რობი უილიამსის გარდა, საქართველოში შესაძლოა კიდევ ერთი მსოფლიო ვარსკვლავი, პოპულარული იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტიც ჩამოვიდეს.
რამაზოტის სტუმრობა იმ პროექტის ფარგლებში იგეგმება, რომელიც საქართველოში უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოყვანას ითვალისწინებს.
აღნიშნული მიზნით კულტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის საკითხზე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.
მსოფლიო ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში მოხდება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ უცხოეთიდან ჩამოსული ვარსკვლავების კონცერტზე დასასწრები ბილეთების ღირებულება სიმბოლური იქნება.
“უცხოეთიდან ჩამოყვანილი ცნობილი ვარსკვლავების კონცერტებზე ბილეთები სიმბოლურ ფასად გაიყიდება უცხოეთიდან ჩამოყვანილი ცნობილი არტისტების კონცერტებზე ბილეთები გაიყიდება, თუმცა სიმბოლურ ფასად. ამ შემთხვევაში თვისობრივი განსხვავება იქნება ის, რომ დიდი საერთაშორისო ვარკვლავების კონცერტების უმრავლეობაზე ბილეთები აუცილებლად გაიყიდება, ეს არ იქნება ღია ცის ქვეშ უფასო კონცერტები. ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების, მოწესრიგებულობის თვალსაზრისით გარკვეული სტანდარტები უნდა შევქმნათ, მაშინ როცა ვსაუბრობთ უცხოეული ტურისტების მოზიდვაზე. ეს არ შეიძლება იყოს ქაოტურ, უკონტროლო რეჟიმში ჩატარებული ღონისძიებები, თავად არტისტებიც, პირველ რიგში, პოტენციური მაყურებლის უსაფრთხოების საკითხებს აყენებენ წინ, ვიდრე ტექნიკასა და ფინანსურ უზრუნველყოფაზე წავიდოდა საუბარი. ეს არის პრიორიტეტული საკითხი და შესაბამისი უზუნველყოფა სჭირდება, სწორედ ამიტომ ბილეთები გაიყიდება, თუმცა სიმბოლური ფასი იქნება იმისთვის, რომ ამ ღონისძიებეზე დასწრების საშუალება მაქსიმალურად ყველა მსურველს მიეცეს”. – განაცხადა გიორგაძემ.